რეჟისორი გია კაჭარავა დაფინანსების არქონის გამო კანის კინოფესტივალზე ვერ მიდის

რეჟისორი გია კაჭარავა კულტურის სამინისტროსგან კანის ფესტივალზე გამგზავრებისთვის დაფინანსებას ითხოვს. როგორც „გურია ნიუსთან“ რეჟისორი ამბობს, კანის კინოფესტივალიდან მიწვევა პირადად მის სახელზეა მოსული, რათა მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმის „ჩაო ჯორდანოს“ ჩვენება მოეწყოს.
რეჟისორის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ კანის კინოფესტივალის ორგანიზატორებმა წერილით კულტურის სამინისტროსაც მიმართეს, უწყებისგან არანაირი რეაგირება არ ხდება.
„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, სამინისტროში ამბობენ, რომ ფესტივალის გახსნამდე მცირე დროის გამო, რეჟისორის დაფინანსება ვერ მოხერხდება.
„კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები უსინდისოდ იქცევიან, როცა ამბობენ, რომ მე ან კანის კინოფესტივალის ორგანიზატორებს მათთვის არ მიგვიმართავს. დამიკავშირდნენ კანის კინოფესტივალის ორგანიზატორები და მითხრეს,რომ წერილს ვაგზავნით კულტურის სამინისტროში და არ იგზავნებაო. ამის შემდეგ, გასული კვირის ორშაბათს მე მივედი სამინისტროში და ვაცნობე ამის შესახებ. დამაკავშირეს მინისტრის თანაშემწე სალომე ღუდუშაურთან, მას ეს წერილები გადავუგზავე. ღუდუშაური დამპირდა, რომ წერილის მიღებისთანავე მინისტრს შეატყობინებდა ამის შესახებ, თუმცა, სამინისტროდან ამის შემდეგ ფაქტობრივი უარი მომივიდა, დროის სიმცირის გამო ვერ დაგაფინანსებთო”, – ამბობს კაჭარავა და დასძენს, რომ მისი რეკომენდატორი კანში ფრანგი პროდუსერია, რომელიც ასევე ითხოვდა კაჭარავასათვის ქართულ მხარეს დახმარება გაეწია.
რეჟისორი გია კაჭარავა კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრსა და მას შორის დაპირისპირებაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ მან რამდენჯერმე მიმართა კინოცენტრს საკუთარი პროექტების დაფინანსებით, თუმცა მათგან უარი მიიღო.
„როდესაც კინოცენტრმა სცენარი დამიწუნა, ფილმი ჩემი სახსრებით გადავიღე. მსახიობებისთვის ერთი თეთრიც არ გადამიხდია. ამის შემდეგ კვლავ მივიტანე ნამუშევარი კინოცენტრში ფესტივალებზე გასაგზავნად, თუმცა ამ შემთხვევაშიც უარით გამომისტუმრეს. როდესაც კანის კინოფესტივალიდან მოწვევა მივიღე, დღეს კინოცენტრს არ აძლევს ხელს მათი დაწუნებული ნამუშევარი სხვებმა აღიარონ“, – ამბობს რეჟისორი.
რატომ ვერ მოხერხდა რეჟისორის დაფინანსება ფესტივალზე გასამგზავრებლად, ამ საკითხის გასარკვევად, „გურია ნიუსი“ საქართველოს კულტურის სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც აცხადებენ, რომ რეჟისორ გია კაჭარავას სამინისტროსთვის გამგზავრების შესახებ პროექტი და ხარჯთაღრიცხვა არ წარუდგენია. წერილები კი, რომელიც კანის კინოფესტივალის ორგანიზატორებისგან მიიღო, სამინისტროს ღონისძიებამდე ძალიან მცირე დროით ადრე გადაეგზავნა. თუმცა, წერილში, რომელიც გია კაჭარავამ „გურია ნიუსს“ გამოუგზავნა, აღნიშნულია, რომ მინისტრის თანაშემწეს ფესტივალის შესახებ ინფორმაცია 30 აპრილს მიუვიდა.
„გია კაჭარავამ ღონისძიებამდე 5 დღით ადრე თხოვნით და არა ოფიციალური წერილით მოგვმართა. არც ბიუჯეტი იყო გათვლილი და არც პროექტი გაწერილი. კინოფესტივალის ორგანიზატორებსაც არ მოუმართავთ ჩვენთვის ოფიციალურად. როგორც ჩანს, რეჟისორმა მიწვევა პირადად მიიღო. დროის სიმცირის გამო ვერ მოხერხდა დაფინანსება. განცხადების განსახილველად ორთვიანი პერიოდი არ არის საჭირო. სწრაფად დაფინანსებადი პროექტებიც არის ხოლმე, თუმცა ამ შემთხვევაში სამინისტროს პროექტი და გაწერილი ხარჯთაღრიცხვა მაინც უნდა მიეღო“, – ამბობენ სამინისტროში.
კითხვაზე – პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის წარდგენის შემთხვევაში დაფინანსდება თუ არა რეჟისორის გამგზავრება, სამინისტროში გვპასუხობენ, რომ ორ დღეში განცხადების განხილვა თითქმის წარმოუდგენელია. ცნობისთვის, ფესტივალი კანში 12 მაისს იხსნება და რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები