პრემიერი: ჩვენი არჩევანი ევროპული დემოკრატიაა

პოლიტიკური ძალის მთავარი მონაპოვარი არის თავისუფლება, რასაც ეჭვქვეშ ვერავინ დააყენებს – აღნიშნული პრემიერ- მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სამთავრობო პროგრამის წარდგინებისას განაცხადა.
„დღეს, რამდენიც არ უნდა ვილაპარაკო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ჯანდაცვის უპრეცედენტო რეფორმაზე, სოფლის მეურნეობაში ჩადებულ უდიდეს ძალისხმევაზე და ასე შემდეგ, მაინც მიმაჩნია, რომ ჩვენი პოლიტიკური ძალის მთავარი მონაპოვარი არის თავისუფლება, ჩვენი საზოგადოების თითოეული წევრის თავისუფლება, რასაც ეჭვქვეშ ვერავინ დააყენებს და რაც მთავარია, ის ფუნდამენტური ცვლილებები, რომლებიც ჩვენმა ხელისუფლებამ ამ მიმართულებით განახორციელა, შეუქცევადია.
სწორედ ამ თავისუფლებამ მოიტანა ის, რომ ჩვენი ხალხი ბევრად უფრო მომთხოვნი გახდა ხელისუფლების მიმართ, ვიდრე ახლო წარსულში იყო და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, საზოგადოების წინსვლისთვის“,- განაცხადა პრემიერმა.
როგორც ღარიბაშვილმა სხდომაზე განაცხადა, ხელისუფლების არჩევანი ევროპული დემოკრატიაა, მთავარი საზრუნავი კი ,დემოკრატიის ფუნდამენტურ ღირებულებებთან ერთად – ადამიანებისთვის მეტი შესაძლებლობების გაჩენაა.
„ჩვენ გავაგრძელებთ ინოვაციების დანერგვას, გავაგრძელებთ მეწარმეობის ხელშემწყობ პროგრამებს, გავუადვილებთ საქმიანობას ადგილობრივ მცირე მეწარმეებს, მსხვილ ბიზნესმენებს და ინვესტორებს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ადამიანებს ჰქონდეთ წარმატების რეალური შესაძლებლობები.
ჩვენი არჩევანი ევროპული დემოკრატიაა – პოლიტიკური სისტემა, სადაც თავისუფლება და ადამიანის უფლებები გარანტირებულია, სადაც ეკონომიკა ჯანსაღ კონკურენციასა და თავისუფალ გარემოში ვითარდება, სადაც სოციალური თანასწორობა და ეროვნული სიმდიდრის სამართლიანი გადანაწილება მნიშვნელოვანია“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები