პრემიერი: მოპოვებული თავისუფლების შედეგია ის, რომ ხალხი ხელისუფლების მიმართ მომთხოვნი გახდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის მთავარ მიღწევად თავისუფლების მოპოვებას ასახელებს.
როგორც პრემიერმა პარლამენტში განაცხადა, სწორედ ამ თავისუფლებამ განაპირობა ის, რომ ქართველი ხალხი, ხელისუფლების მიმართ უფრო მომთხოვნი გახდა, ვიდრე ეს წინა წლებში იყო.
„რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ ჩვენს მიერ განხორციელებულ რეფორმებზე, ჩვენი პოლიტიკური ძალის მთავარი მონაპოვარი, ჩვენი საზოგადოების და მისი თითოეული წევრის თავისუფლებაა. ჩვენმა ხელისუფლებამ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა. სწორედ ამ თავისუფლებამ მოიტანა ის, რომ ჩვენი ხალხი ახალი ხელისუფლების მიმართ ბევრად უფრო მომთხოვნი გახდა, ვიდრე ეს ახლო წარსულში იყო. ეს ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, საზოგადოების წინსვლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე განმარტებით, საქართველომ არჩევანი უკვე გააკეთა და ეს არჩევანი ევროპული დემოკრატიაა, სადაც ადამიანის უფლებები გარანტირებულია და ეკონომიკა ჯანსაღ კონკურენციასა და თავისუფალ გარემოში ვითარდება. პრემიერის გამოსვლის შემდეგ, სხდომის ძირითადი ნაწილი საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს დაეთმობა. დეპუტატები მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას კენჭს უყრიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები