„არ მაქვს არც ერთი მიზეზი ვიფიქრო, რომ პარლამენტი ნდობას არ გამომიცხადებს“
თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ პარლამენტი მისთვის თავდაცვის მინისტრის პოსტზე ნდობის გამოცხადებას მხარს დაუჭერს.
„არ მაქვს არც ერთი მიზეზი ვიფიქრო, რომ პარლამენტი ნდობას არ გამომიცხადებს და ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ იმას, რომ უმცირესობა მხარს დაგვიჭერს. რა თქმა უნდა, ეს ასე არ მოხდება, რომ ოპოზიციამ მთავრობას მხარი დაუჭიროს, თუმცა ჩემთვის საინტერესო იქნება მიზეზები თუ რას იტყვიან, მაგალითად მე რატომ არ მიცხადებენ ნდობას ამ თანამდებობაზე“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
ხიდაშელის განმარტებით, თავდაცვის მიმართულებით პრიორიტეტები არ იცვლება. მისი თქმით, ერთ-ერთი უპირველესი ამოცანა და უპირველესი საქმე, რითიც სამინისტრო ყოველდღიურად არის დაკავებული, ესაა ნატოსთან არსებითი პაკეტის ეფექტური და სწრაფი განხორციელება.
პრეზიდენტმა მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა ნდობის გამცხადებისთვის საკანონმდებლო ორგანოს უკვე წარუდგინა. ამ საკითხზე პარლამენტში რიგგარეშე სხდომა 8 მაისს, 13:00 საათზეა ჩანიშნული.