გიორგი მარგველაშვილი: არეული პოლიტიკური პროცესის სიმშვიდეში გადაყვანას შევეცადე

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ გავრცელებული აზრი, მისი კოალიცია “ქართულ ოცნებასთან” დაპირისპირების შესახებ, მცდარია.
როგორც პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, იგი კოალიციის საარჩევნო პროგრამაში გაწერილი ღირებულებების ერთგული რჩება.
“პარლამენტში ჩემი გამოსვლის დროს მე ალბათ 20-ჯერ მაინც მოვახდინე ციტირება “ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამიდან. მე ვრჩები იმ ღირებულებების ერთგული, რაც კოალიციის საარჩევნო პროგრამაში ეწერა და, რომლის ერთგულიც აქამდე ვიყავი. შესაძლოა, არის განსხვავებული პოზიცია და შეფასება, მაგრამ ეს არ ნიშნავს დაპირისპირებას. მით უმეტეს, რომ გამიჭირდება რომელიმე ნაბიჯის გახსენება, რომელიც გადავდგი დაპირისპირების ფორმატში ან ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენე, მოვყევი ისეთი რამ, რაც არუნდა გასულიყო გუნდიდან და არაკორექტული იყო”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. ასევე, პრეზიდენტმა ჟურნალისტებს კიდევ ერთხელ განუმარტა, რომ მის მიერ პარლამენტისთვის მინიჭებული ერთკვირიანი ვადა იყო მცდელობა, არეული პოლიტიკური პროცესები სიმშვიდეში გადაეყვანა.
“ჩემი პოზიცია არის იმის მსგავსი, რასთანაც გვაქვს საქმე – დავინახე, რომ პოლიტიკური პროცესი მიდის ცოტა არეულად და შევეცადე, რომ სიმშვიდეში გადამეყვანა. ანალოგიური იყო სხვა ნაბიჯებიც. მე მძიმე გადაწყვეტილებებს ნაკლებად ვხედავ ჩემს წელიწადნახევრიან მუშაობაში”, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები