თედო ჯაფარიძე: გირჩევთ, ყურადღება მიაქციოთ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას

„არ ვიცი, რამდენად მართალი და ადეკვატურია “როიტერის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თუმცა გირჩევდით, ყურადღება მიაქციოთ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ფრან-ვალტერ შტაინმაიერის განცხადებას“, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

ამით დეპუტატი “როიტერის” სტატიას გამოეხმაურა, სადაც ნათქვამია, რომ ვერც საქართველო და ვერც უკრაინა რიგის სამიტზე ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმს ვერ მიიღებენ. “მეც გავიგე “როიტერის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ. არ ვიცი, რამდენად მართალია და ადეკვატური ეს ინფორმაცია. გავლენიანი სააგენტოა და მას თავისი წყაროები აქვს. თუმცა, არანაკლებად მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა და გირჩევდით, ამ განცხადებას მიაქციოთ ყურადღება”, – განაცხადა ჯაფარიძემ. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა გერმანიაში, ქართველ კოლეგასთან, თამარ ბერუჩაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოს მიერ ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესისთვის გატარებული რეფორმები დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ამისთვის წინასამუშაოები უმაღლეს დონეზე შესრულდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები