„ის, რაც გუშინ “რუსთავი 2”-ის გადაცემაში ვიხილეთ, ქიმიურ – მომწამვლელი ჟურნალისტიკაა“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ ტელეკომპანია “რუსთავი 2” გააკრიტიკა. „ქიმიურ – მომწამვლელი ჟურნალიტიკა“, – ასე შეაფასა დეპუტატმა გუშინ ეთერში გასული გადაცემა „არჩევანი“. როგორც ქანთარიამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზია ცდილობს, წარმოაჩინოს თითქოს 2012 წლამდე ხალხი სამოთხეში, 2012 წლის შემდეგ კი ჯოჯოხეთში ცხოვრობს.
„თუ ჩვენ დღევანდელ ლარის კურს „ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზიების სახით ვუყურებთ, მაშინ დიდი ხანია ჯოჯოხეთში ვართ და გამოსასვლელი იქიდან არ არის. ის, რაც გუშინ „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთ გადაცემაში ვიხილეთ, ქიმიურ – მომწამვლელი ჟურნალისტიკაა. გაჭირვებული ადამიანი საქართველოში მუდმივად იყო და, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ისევ არის. ჩვენ არა ვართ მდიდარი ქვეყანა, მაგრამ დამოკიდებულება, ასეთი თვითკმაყოფილება და აღტკინება, რაც მათი მხრიდან ჩანს, ხელს არ უწყობს სახელმწიფოებრიობას. ეს არის მიმართული არა „ოცნების“, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგ. როდესაც ჩვენ წინასაარჩევნოდ დავდიოდით და კამერას ხედავდა გაჭირვებული ადამიანი, გარბოდა. საერთოდ არ უნდოდა კომენტარის გაკეთება, იმიტომ რომ შიში ჰქონდათ. დღეს შიში არა აქვთ და კარგია, რომ ღიად საუბრობენ ყველაფერზე. ჩვენ ვიცით, რომ ასე უცებ 2 წელიწადში მდიდარი ქვეყანა ვერ გავხდებით. „რუსთავი2“-ს უნდა აჩვენოს, რომ 2012 წლამდე იყო სამოთხე და 2012-ის შემდეგ ჯოჯოხეთში ვართ. ამ ყველაფერში კი, რა თქმა უნდა, მთავარ დამნაშავედ ბიძინა ივანიშვილი უნდა გამოიყვანონ. ძალიან დიდ უმადურობას თესავენ ამით. ადამიანებმა კარგად იციან, რა გაკეთდა და რა შეიძლება რომ გაკეთდეს“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა პრესკონფერენციაზე “რუსთავი 2” -ის ჟურნალისტის თხოვნით ხელისუფლების რამდენიმე წარმატებული პროექტი ჩამოთვალა და ჟურნალისტს მოქმედი მთავრობის გაკეთებული საქმეები შეახსენა. „უმთავრესი რაც გაკეთდა, ის არის, რომ სახელმწიფომ და ხელისუფლებამ მოიხედა ადამიანებისკენ, მისი სიცოცხლისკენ და ჯანმრთელობისკენ. არცერთ ჟურნალისტს არ მოსვლია აზრად გაერკვია, რამდენი ადამიანის სიცოცხლე გადარჩა ჩვენი ჯანდაცვის პროგრამით. ფანტასტიკური პროექტია C ჰეპატიტთან ბრძოლის პროექტი. ბიუჯეტის დიდი ნაწილი სოციალურ დახმარებებზე მიდის. კახეთში ერთი გოჯი მიწაც აღარ არის მოუხვნელი. ყველაზე მთავარიკ რასაც ვერ ვამარცხებდით აქამდეკ ეს იყო სეტყვა. ახლა უკვე ვაზის ბუმი იწყება. 2012 წლამდე ვაზი მასობრივად იჩეხებოდა. დღეს ადამიანი მშვიდად არის, რადგან იცის, რომ მის შვილს ქუჩაში წამალს არავინ ჩაუდებს. ჩვენ ვიცით, რომ ყველაფერი კარგად არ არის. არის აბსოლუტურად თავისუფალი სივრცე, მაგრამ ეს თავისუფალი სივრცე ბოროტად არ უნდა გამოიყენო“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები