ნუკრი ქანთარია: საპანიკოს ვერ ვხედავ იმაში, თუკი რომელიმე მინისტრის შეცვლის საკითხი დადგება

მთავრობის ახალი შემადგენლობა პრეზიდენტმა პარლამენტს 2 დღის ვადაში უნდა წარუდგინოს, – ამის შესახებ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ ისაუბრა.

დეპუტატის თქმით, პრეზიდენტმა თავისი უფლება გამოიყენა და ერთი კვირით გადადო მთავრობის წარდგენა, თუმცა ამის იქეთ მას უფლება აღარ აქვს.

ქანთარიას განმარტებითვე, პრეზიდენტს არც პროცესის შეჩერება და არც რაიმე ცვლილების განხორციელება არ შეუძლია.

„პრეზიდენტმა თავისი უფლება მოვალეობა გამოიყენა. მას ჰქონდა უფლება ერთი კვირით გადაედო წარდგენა, მეტი უფლება მას არა აქვს. თუ ის ორ დღეში არ წარმოადგენს კანდიდატურებს რომლებიც დასახელებულია აღმასრულებელი ხელისუფლებიდან, მაშინ ის კონსტიტუციის წინააღმდეგ მიდის. დღეს ან ხვალ ის ალბათ მთავრობას წარმოადგენს. მას არც კანდიდატების შეცვლის და არც პროცესის გაჩერების უფლება არ აქვს. ყველა შტო ცდილობს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იმუშაოს და თავისი ვალდებულება, რაც აქვს იმ დოზამდე აიღოს. ასე მოიქცა პრეზიდენტი. რამდენად მისაღებია, რომ მან ეს პროცესი ერთი კვირა გადადო, ეს საზოგადოებამ განსაჯოს. პარლამენტი მზად არის, დასახელებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადოს“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

რაც შეეხება შემოდგომისას მოსალოდნელ მასშტაბურ ცვლილებას, ქანთარიას თქმით, გარკვეული ცვლილებები შესაძლოა მოხდეს. მისი განმარტებით, ახალი მთავრობის დამტკიცების შემდეგ ათვლის წერტილი თავიდან იწყება და პრემიერს საშუალება ექნება, საჭიროების შემთხვევაში, 6 მინისტრი შეცვალოს.

„ვერაფერ საპანიკოს და განსაკუთრებულს ვერ ვხედავ იმაში, თუკი რომელიმე მინისტრის შეცვლის საკითხი დადგება. ამ ეტაპზე კი ასეთი ცვლილება არ იგეგმება“,- განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები