ერაყში ვატიკანის მაღალი რანგის სასულიერო პირი, კარდინალი ლეონარდო სანდრი იმყოფებოდა
ერაყში 4 დღის განმავლობაში ვიზიტით იმყოფებოდა კარდინალი ლაონარდო სანდრი, რომელიც აღმოსავლეთის კათოლიკური ეკლესიების ვატიკანის კონგრეგაციის პრეფექტია. ვიზიტის მთავარი მიზანი ერაყში მყოფი ქრისტიანების მხარდაჭერაა, რომელთა შორის მრავალი ადამიანი ბოლო დროს „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკების“ თავდასხმების მსხვერპლი გახდა.
კარდინალმა ბაღდადის წმინდა იოსების კათოლიკურ ტაძარში ილოცა. ქადაგებაში კარდინალმა მრავალი ადამიანი გაიხსენა, რომლებიც ბოლო დროს ერაყის ტერიტორიაზე არაადამიანური ძალადობის მსხვერპლი გახდნენ. ჯიჰადისტებზე საუბრისას, რომლებიც ძალადობას სჩადიან, კარდინალმა განაცხადა: „არა მგონია, რომ ისინი რელიგიურ ვალს ასრულებდნენ, ისინი საკუთარ და თავისი მსხვერპლის ადამიანურ ღირსებას ლახავენ“.
კარდინალი ლეონარდო სანდრი, რომელიც ერაყში ვატიკანის ლიდერის – რომის პაპის ფრანცისკეს დავალებით იმყოფებოდა, ერაყის პრეზიდენტ ფუად მასუმს და პრემიერ-მინისტრ ჰაიდერ ალ-აბადის შეხვდა. ერაყის ხელისუფლების წამომადგენლებმა კარდინალი დაარწმუნეს, რომ ქვეყნის ხელისუფლება ადგილობრივი ქრიასტიანების უფლებების დასაცავად ყველაფერს გააკეთებს. მათ ასევე განაცხადეს, რომ რომის პაპს ფრანცისკეს უახლოეს მომავალში ერაყში ჩამოსვლის საშუალება ექნება.