ლიტვაში რუსი ჯაშუში დააკავეს
ლიტვაში ჯაშუშობის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს. ლიტვის სამართალდამცველი სტრუქტურების ინფორმაციით, დაკავებულია 1877 წელს დაბადებული პირი, რომელიც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) შტატიანი თანამშრომელია. ლიტვის სახელმწიფო უშიშროების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დადგინდა, რომ 29 აპრილს დაკავებული ადამიანი ქვეყნის წინააღმდეგ სადაზვერვო საქმიანობას აწარმოებდა, რომლის მიზანი იყო ქვეყნის სახელმწიფო სტრუქტურებში, სამართალდამცველ ორგანოებში და დაზვერვის სამსახურში შეღწევა. ვილნიუსის სასამართლომ უკვე დააკმაყოფილა ლიტვის პროკურატურის შუამდგომლობა და დაკავებულს 3 – თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ლიტვის უშიშროების ორგანოებს მიაჩნიათ, რომ ამ ინფორმაციის გამოყენებით რუსეთის შესაბამის სტრუქტურებს ლიტვის უმაღლესი ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე გარკვეული ზემოქმედების საშუალება გაუჩნდებოდათ.