მაია პლისეცკაიას ფერფლს რუსეთზე მიმოფანტავენ
რუსეთის დიდი თეატრის გენერალურმა დირექტორმა ვლადიმერ ურინმა საზოგადოებას მაია პლისეცკაიას ანდერძის ზოგიერთი დეტალი გაანდო.
„ეხო მოსკვის“ ინფორმაციით, პლისეცკაიას ანდერძის დეტალები მას პრიმა-ბალერინას მეუღლემ როდიონ შედრინმა გააცნო. ანდერძის მიხედვით, პლისეცკაიას ოფიციალური პანაშვიდი არ იქნება. მასთან დამშვიდობება გერმანიაში ნათესავების და ახლო მეგობრების წრეში მოხდება. პლისეცკაიამ და შედრინმა საერთო ანდერძში მათი კრემაცია ითხოვეს. „და როდესაც ერთ-ერთი ჩვენგანის ცხოვრებიდან წასვლის ჟამი დადგება, ან ერთდროულად გარდაცვალების შემთხვევაში, ჩვენი ფერფლი რუსეთზე მიმოფანტეთ“, – ნათქვამია ანდერძში.
მაია პლისეცკაია გერმანიაში 2 მაისს გულის შეტევით გარდაიცვალა. პრიმა ბალერინა 89 წლის იყო.