უკრაინაში დაპირისპირებული მხარეები მძიმე ტექნიკის გამოყენების შესახებ აცხადებენ
უკრაინელი სამხედროები ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკის „ბოევიკებს“ თავიანთი პოზიციების დაბომბვაში ადანაშაულებენ დონეცკის აეროპორტის სიახლოვეს. თავის მხრივ, სეპარატისტები უკრაინელ სამხედროებს დონეცკის საცხოვრებელი სახლების დაბომბვაში სდებენ ბრალს. ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბის წარმომადგენლის ალექსამდრე ლისენკოს განცხადებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის აღმოსავლეთში ერთი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა. კონფლიქტის მონაწილეები ერთმანეთს მძიმე შეიარაღების გამოყენებაში ადანაშაულებენ, რომელიც მინსკის შეთანხმებების მიხედვით, დაპირისპირების ხაზის სიახლოვიდან უნდა გამოეყვანათ.