„ღამის მგლები“ გერმანიაში მოტოგარბენს განაგრძობენ
მოტოკლუბ „ღამის მგლების“ რუსი ბაიკერები, რომლებიც წინა დღეს გერმანიის ტერიტორიაზე დააკავეს, მოგვიანებით გაათავისუფლეს. „ბი-ბი-სის“ ცნობით, ბაიკერები, რომლებიც ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავთან დაკავშირებით ევროპის რამდენიმე სახელმწიფოში მოტოგარბენს ატარებენ, მიუნხენში აპირებდნენ შესვლას, მაგრამ ქალაქის სიახლოვეს, ავტობანზე ისინი პოლიციამ დააკავა.
როგორც თავად ბაიკერები ამბობენ, მათ საბუთები შეუმოწმეს და შემდეგ გაუშვეს. რამდენიმე დღის წინ პოლონელმა მესაზღვრეებმა რუს ბაიკერებს პოლონეთის საზღვრის გადაკვეთის საშუალება არ მისცეს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ათამდე ბაიკერმა გერმანიაში შესვლა მაინც შეძლო. „ღამის მგლები“ არ აკონკრეტებენ, თუ რომელი ქვეყნიდან შევიდნენ ისინი გერმანიაში, თუმცა ამბობენ, რომ ეს აბსოლუტურად ლეგალურად მოხდა.