აშშ რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებას არ გამორიცხავს
ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის გარშემო არსებული სიტუაციის გამო, რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯოშ ერნესტმა განაცხადა.
აშშ-ს ადმინისტრაციის ინფორმაციით, კიევი მოსკოვისგან განსხვავებით, მინსკის შეთანხმებებს ასრულებს. ერნესტის თქმით, ზეწოლის გაძლიერებაში ახალი სანქციები იგულისხმება. ჯერჯერობით უცნობია საუბარია თუ არა პერსონალურ სანქციებზე, თუ რუსეთის ეკონომიკის კონკრეტული სექტორების წინააღმდეგ. ერნესტის განცხადებით, რუსეთი დონბასის სეპარატისტებს კვლავ აწვდის იარაღს, ტყვია-წამალს და პერსონალს. „ეს დიდ ზეწოლას ახდენს უკრაინელ ხალხზე, მის მთავრობაზე და ეკონომიკაზე. აშშ უკრაინის მთავრობის ძალისხმევას დონბასის მეამბოხეების წინააღმდეგ მხარს უჭერს“ – აცხადებს ჯოშ ერნესტი.
ასევე ცნობილი გახდა, რომ აშშ გეგმავს რუსეთზე ზეწოლის საკითხში ევროკავშირის ქვეყნებთან თანამშრომლობას. მოსკოვში მიაჩნიათ, რომ ვაშინგტონის მცდელობაა ევროკავშირის სახელმწიფოები ამ სანქციებს შეუერთდნენ.