“დემოკრატიის ინსტიტუტი” 5 მაისიდან მოქალაქეების განაცხადების მიღებას და მათი უფლებების დაცვას იწყებს

დღეს, „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში „დემოკრატიის ინსტიტუტის“ დამფუძნებელმა ლაშა ჩხარტიშვილმა და მისმა კოლეგებმა პრესკონფერენცია გამართეს. როგორც მათ განაცხადეს, 5 მაისიდან „დემოკრატიის ცენტრი“ მოქალაქეების განცხადებების მიღებას იწყებს. ისინი სახელმწიფოს მხრიდან რეპრესიათა მსხვერპლ ადამიანებს დაეხმარებიან, გაუწევენ იურიდულ კონსულტაციას და მათ უფლებებს დაიცავენ.
„ჩვენი დღევანდელი პრესკონფერენცია ეძღვნება ჩვენ მიერ ახალდაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციის, „დემოკრატიის ინსტიტუტის“ უახლოესი პერიოდის გეგმებს. ჩვენ ორშაბათიდან – 5 მაისიდან ვიწყებთ მოქალაქეების განაცხადების მიღებას. საუბარია იმ მოქალაქეებზე, რომელთაც თავი მიაჩნიათ, სახელმწიფოს მიერ განხორციელებული რეპრესიების მსხვერპლად. ჩვენ მიზნად ვისახავთ, რომ მაქსიმალურად დიდი რაოდენობის მოქალაქეებს დავეხმაროთ. კერძოდ, ჩვენი ორგანიზაციის სპეციალური ჯგუფი შეისწავლის საგამოძიებო მასალებს, რომ მათი ანალიზის საფუძველზე დადგინდეს, თუ რომელ კონკრეტულ შემთხვევაში იყო სახეზე დარღვევები სახელმწიფოს მხრიდან. გარდა იმისა, რომ ორგანიზაცია ამ ადამიანებს დაეხმარება, ჩვენ ვიმუშავებთ ინიციტივაზე, რომლის მიხედვითაც საქართველოში შეიქმნება ჩვენ მიერ რეპრესიათა მსხვერპლთა მუზეუმი, რაც გულისხმობს, არა მხოლოდ სააკაშვილის მსხვერპლთა მუზეუმს, არამედ წინა პერიოდის, ხელისუფლებების რეპრესიათა მსხვერპლთა მუზეუმსაც“, – განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.
მისივე თქმით, შეიქმნება რეპრესიების მსხვერპლთა მუზეუმის ონლაინვერსიაც.
„რეპრესიების მსხვერპლთა მუზეუმი საწყის ეტაპზე იქნება ონლაინვერსია. საწყის ეტაპზე უახლოესი 2 თვის განმავლობაში ჩვენ მიერ შეიქმნება ვებგვერდი, რეპრესიების მსხვერპლთა მუზეუმის ონლაინვერსიისათვის. ამ ვერსიაში შევა ყველა ის ფაქტი, რაც იქნება დადასტურებული. ვებგვერდის შექმნის შემდეგ, ონლიანრეჟიმში განთავსდება საერთაშორისო ორგანიზაციების ანაგრიშების ანალიზი. განაცხადების გამოგზავნა მოქალაქეებს ონლაინრეჟიმშიც შეეძლებათ. თუმცა, სამწუხაროდ, საქართველოში ონლაინსივრცე ყველასათვის ხელმისაწვდომი არ არის. ჩვენ ამ ეტაპზე ვმუშაობთ, ძირითადად, საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშების ანალიზზე და მოცემული ფაქტების სისტემატიზაციაზე“, – აღნიშნა ლაშა ჩხარტიშვილმა.
იურიდიული ჯგუფის სამსახურის უფროსის, ედიშერ ხიმშიაშვილის თქმით, მიღებულ განცხადებებს ჩაუტარდება ლეგალური ექსპერტიზა და მხოლოდ სათანადო ფაქტების არსებობის შემთხვევაში იქნება დადასტურებული.
„ჩვენ, ძირითადად, ორი მიმართულებით ვიმუშავებთ. მიღებულ განცხადებებს ჩაუტარდება ლეგალური ექსპერტიზა, შეფასდება და მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება დადასტურებული, თუ სათანადო რაოდენობის ფაქტები  შეგროვდება. ჩვენ მოქალაქეებს გავუწევთ კონსულტაციებს და სადაც დადასტურებულად იქნება დანაშაული ჩადენილი, იმ ფაქტებთან დაკავშირებით სათანადო დასკვნა მომზადდება და ეს ფაქტები შემდეგ უკვე გადაეცემა მუზეუმს, რომელიც მას ვიზუალიზაციას გაუკეთებს და ან ონლაინსივრცეში, ან ფიზიკურად შექმნილ მუზეუმში განთავსდება. მაგრამ ამის გარდა, ჩვენ შევეცდებით მათ დამატებით სხვა ტიპის დახმარებაც გავუწიოთ. შეძლებისდაგვარად, იქნება იურიდიული კონსულტაციები. განსაკუთრებით დავეხმარებით სოციალურად დაუცველებს და მათ დოკუმენტაციის მომზადებაში გავუწევთ კონსულტაციებს“, – განაცხადა ედიშერ ხიმშიაშვილმა.
მოქალაქეებთან ურთიერთობის პასუხისმგებელი პირის, ქალბატონ ლიკა კახურიშვილის განცხადებით კი, განაცხადებების მიღება და აქტიური განხილვა უკვე 5 მაისიდან, ორშაბათიდან დაიწყება.
„ჩვენ ვიწყებთ უკვე ორშაბათიდან განაცხადების მიღებას მოქალაქეთაგან, ჩვენს ოფისში, რომელიც მდებარეობს აღმაშენებლის გამზირზე, ნომერ 150-ში, პირველ სართულზე, მოქალაქეებმა დემოკრატიის ინსტიტუტი უნდა იკითხონ და ჩვენ მათ გავესაუბრებით, გავეცნობით მათ მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას. საჭიროების შემთხვევაში დავუზუსტებთ, რა მასალების წარმოდგენა სჭირდებათ დამატებით და შემდეგ უკვე ეს მასალები გადაეგზავნება ჩვენს იურიდიულ ჯგუფს, რომელიც შეისწავლის და მოამზადებს სათანადო დასკვნას, კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ლიკა კახურიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები