ალეპოში საარტილერიო დაბომბვის შედეგად 12 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
სირიის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, სულ მცირე 12 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 8 დაღუპული ერთი ოჯახის წევრია, – ამბოხებულებმა ქალაქ ალეპოს ის რაიონი დაბომბეს, რომელსაც სამთავრობო ძალები აკონტროლებენ. გარდაცვლილთა შორის ბავშვებიც არიან. დაბომბვის შედეგად 45 ადამიანი დაიჭრა. ალეპო სამოქალაქო ომამდე სირიის კომერციული ცენტრი იყო. 2012 წლის ივლისიდან ის სამოქალაქო ომის ფრონტის ხაზად გადაიქცა. ამჟამად ქალაქის რაიონების ნაწილს სამთავრობო ძალები, ნაწილს კი ამბოხებულები აკონტროლებენ. თავის მხრივ, ამბოხებულები აცხადებენ, რომ მათ მიერ კონტროლირებად რაიონებს სირიის სამთავრობო ჯარების ავიაცია რეგულარულად ბომბავს, რის შედეგად ათასობით ადამიანი დაიღუპა.