ემა გოლდმანი 1 მაისის მოვლენების შესახებ
მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, “კვირა” გთავაზობთ ლუიზა ლაფერაძის თარგმანს – ემა გოლდმანი 1 მაისის მოვლენების შესახებ
იმ ღამით არ დამეძინა. მე კვლავ განვიცდიდი 1887 წლის მოვლენებს. იმ „შავი პარასკევიდან“, როდესაც ჩიკაგოელები შეეგებნენ თავიანთ მოწამეობრივ სიკვდილს, გავიდა ოცდაერთი თვე, მაგრამ ყოველი დეტალი კვლავ ნათლად მესახებოდა და მაღელვებდა ისე, თითქოს ეს ყველაფერი გუშინ მოხდა. მე და ჩემი და ამ ადამიანთა ბედით დავინტერესთით, როდესაც მათი სასამართლო მიმდინარეობდა.
როჩესტერის გაზეთების ანგარიშები გვაღიზიანებდნენ, გვაცბუნებდნენ და გვაღელვებდნენ თავიანთი აშკარა, წინასწარ შექმნილი აზრებითა და შეხედულებებით. პრესის ულმობელობამ, მძაფრმა მუქარებმა ბრალდებულთა მისამართით, გვიბიძგა, თანაგრძნობით გავმსჭვალულიყავით ჰაიმარკეტის მსხვერპლთა მიმართ. ჩვენ შევიტყვეთ როჩესტერში გერმანული სოციალისტური ჯგუფის არსებობის შესახებ, რომელთა სხდომის ადგილი კვირაობით იყო Germania Hall-ში. დავიწყეთ შეხვედრებზე დასწრება, ჩემი უფროსი და სულ რამდენჯერმე დაესწრო, მე კი რეგულარულად ვესწრებოდი. შეკრებები არც ისე საინტერესო იყო, თუმცა ისინი მე საშუალებას მაძლევდნენ, გავქცეოდი ჩემს რუხ როჩესტერულ არსებობას. ყოველი შემთხვევისთვის, იქ შესაძლებელი იყო, მოგესმინა რამე ბევრად საინტერესო, ვიდრე საუბრები ფულზე, რაღაც საქმეებზე, და შეხვედროდი იდეების მქონე ადამიანებს.
ერთხელაც გავიგეთ, რომ კვირას ცნობილი ორატორი–„სოციალისტი“ ნიუ–იორკიდან იოჰანნა გრაიე წაიკითხავდა ლექციას იმ საქმეზე, რომელიც განიხილება ჩიკაგოში.
დანიშნულ დღეს დარბაზში პირველი მე მივედი. უზარმაზარი დარბაზი გადავსებული იყო აღელვებული ქალებითა და მამაკაცებით, კედლების გასწვრივ კი პოლიციელები იდგნენ. აქამდე არასოდეს არ ვყოფილვარ ასეთ დიდ მიტინგზე. ნანახი მქონდა მხოლოდ, როგორ არბევდნენ ჟანდარმები სტუდენტურ შეკრებებს სანქტ–პეტერბურგში. თუმცა ქვეყანაში, სადაც გარანტირებულია სიტყვის თვისუფლება, შეიარაღებულების შემოჭრა დარბაზში, უზარმაზარი ხელკეტებით, სადაც მიმდინარეობდა მშვიდობიანი შეკრება, თავზარს მცემდა და ჩემში პროტესტს იწვევდა.
კრების თავმჯდომარემ მალევე გამოაცხადა ორატორი. იოჰანნა გრაიე ოცდაათს გადაცილებული იყო; ეს იყო ფერმკრთალი, ასკეტური შესახედაობის ქალბატონი, უზარმაზარი მოელვარე თვალებით. ის ლაპარაკობდა უდიდესი დამაჯერებლობით, მისი ხმა დაძაბულობისაგან ცახცახებდა. მისი საუბრის მანერამ გამიტაცა. მე გადამავიწყდა პოლიციაც, პუბლიკაც და ყველა გარშემომყოფნი. ვხედავდი მხოლოდ შავებში ჩაცმულ სუსტ ქალბატონს, რომელიც ხმამაღლა ადანაშაულებდა იმ ძალებს, რომლებიც აპირებდნენ, გაენადგურებინათ რვა ადამიანის სიცოცხლე. მისი გამოსვლა ეძღვნებოდა მღელვარე მოვლენებს ჩიკაგოში.
ორატორმა საუბარი დაიწყო საქმის ისტორიული მიზეზებით. ის ყვებოდა აჯანყებებზე, რომლებიც მთელ ქვეყანაში ხდებოდა1886 წელს, რომლის მონაწილეებიც ითხოვდნენ 8-საათიან სამუშაო დღეს. მუშათა მოძრაობის ცენტრი იყო ქალაქი ჩიკაგო, სადაც ბრძოლა მშრომელებსა და მათ მეპატრონეებს შორის განსაკუთრებით დაძაბული და გამძვინვარებული იყო.
კომპანია „მაკკორმიკას“ მუშათა მიტინგზე მომიტინგეებს თავს დაესხა პოლიცია, სცემეს ქალები და მამაკაცები, რამდენიმე ადამიანი მოკლეს. ამ თვითნებობის წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატავად 4 მაისისთვის დანიშნული იყო მიტინგი Haymarket -ზე. მიტინგზე სიტყვით გამოვიდნენ: ალბერტ პარსონსი, ავგუსტ შპისი, ადოლფ ფიშერი და სხვები. ყველაფერმა წყნარად და მშვიდად ჩაიარა. ეს დაადასტურა ჩიკაგოს მერმა – კარტერ ხარისონმაც, რომელიც მოვიდა მიტინგზე, რათა გაერკვია, რა ხდდებოდა.
ქალაქის მერმა დატოვა მიტინგი, დარწმუნებულმა იმაში, რომ ყველაფერი წესრიგში იყო და ამის შესახებ ამცნო პოლიციის უფროსს. წვიმამ მიტინგზე მყოფი ადამიანების რაოდენობა შეამცირა. იმ მომენტისათვის, როცა სიტყვით ბოლო ორატორი გამოდიოდა, მიტინგზე სულ ცოტა ადამიანი რჩებოდა. ამ მომენტში უეცრად კაპიტანი უორდი შეიარაღებული პოლიციელთა რაზმის თანხლებით გამოჩნდა. მან მომიტინგეებს უბრძანა, სასწრაფოდ დაშლილიყვნენ. „ეს მშვიდობიანი შეკრებაა“, – უპასუხა თავმჯდომარემ, რის შემდეგაც პოლიციელები თავს დაესხნენ მომიტინგეებს და ისინი ხელკეტებით უმოწყალოდ სცემეს.
უეცრად რაღაც განათდა ჰაერში და გაისმა აფეთქების ხმა. დაიღუპა რამდენიმე პოლიციელი; ბევრი მათგანი დაიჭრა. დამნაშავე ვერ აღმოაჩინეს, და მთავრობაც არცთუ ისე ინდომებდა მის დაჭერას. ამის ნაცვლად სასწრაფოდ გაიცა ორდერები ყველა ორატორზე, ვინც სიტყვით გამოვიდა მიტინგზე და სხვა შემჩნეულ ანარქისტებზე. ჩიკაგოს პრესა და მთელი ქვეყნის ბურჟუაზია ითხოვდა დაპატიმრებულთა დასჯას. პოლიცია აგრძელებდა ტერორის კამპანიას, რომელსაც მორალურად და ფინანსურად ახალისებდა მოქალაქეთა ასოციაცია, რომელიც საკუთარი სისხლიანი გეგმის განსახორციელებლად და ანარქისტების გზიდან ჩამოსაშორებლად მიისწრაფვოდა. საზოგადოებრივი აზრი იმდენად იყო გაცხარებული გაზეთებში გავრცელებული გაფიცვის ხელმძღვანელების წინააღდეგ მიმართული საშინელი ისტორიებით, რომ სამართლიანი სასამართლო მათთვის მიუღებელი გახდა.
და, მართლაც, პროცესი ყველაზე ცუდი სასამართლო ინსცენირება აღმოჩნდა შეერთებული შტატების ისტორიაში. ნაფიც მსაჯულებს ირჩევდნენ ისე, რომ მათ ეღიარებინათ ბრალდებულთა დანაშაული; პროკურორმა სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, რომ ბრალი ედებათ არა მხოლოდ დაპატიმრებულებს, არამედ „ასამართლებენ ანარქიას“ და რომ ის უნდა განადგურებულიყო.
მოსამართლემ არაერთხელ აძაგა ბრალდებულები, წინასწარ შეაგონებდა ნაფიც მსაჯულებს მათ წინააღმდეგ. მოწმეები ან დაშინებულები, ან მოსყიდულები იყვნენ, საერთო ჯამში, გასამართლდა რვა ადამიანი, რომლებიც არც დამნაშავეები იყვნენ და არც არანაირი კავშირი ჰქონდათ დანაშაულთან. აღელვებულმა საზოგადოებრივმა აზრმა და ანარქისტების საყოველთაო, წინასწარ უარყოფითმა შეგონებამ და ქარხნის მეპატრონეების წინააღმდეგობამ რვასაათიანი სამუშაო დღისადმი, შექმნა გარემო, რომელიც ხელს უწყობდა ჩიკაგოელი ანარქისტების მკვლელობის საკითხს.
ხუთ მათგანს – ალბერტ პარსონს, ავგუსტ შპისს, ლუის ლინგს, ადოლფ ფიშერს და გეორგ ენგელს სიკვდილი მიუსაჯეს; მიქაელ შვაბს და სამუელ ფილდენს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ოსკარ ნებეს თხუთმეტწლიანი პატიმრობის ვადა განუსაზღვრეს. უდანაშაულო წამებულთა სიკვდილი სამართლიან შურისძიებას ითხოვდა.
გრაიეს სიტყვის ბოლოს, მე ვიცოდი ის, რასაც ვეჭვობდი თავიდანვე: ჩიკაგოელები არ იყვნენ არაფერში დამნაშავენი. მათ ელოდათ სიკვდილი საკუთარი იდეალებისათვის. მაგრამ რა არის მათი იდეალი? იოჰანნა გრაიე საუბრობდა პარსონზე, შპისეზე ლინგეზე და სხვებზე, როგორც „სოციალისტებზე“, მაგრამ არაფერი ვიცოდი ჭეშმარიტი სოციალიზმის მნიშვნელობაზე. რაც მე მესმოდა ადგილობრივი ორატორებისაგან, უფერული და ხელოვნური იყო. მეორე მხრივ, გაზეთებში ამ ადამიანებს ანარქისტებად, ყუმბარმტყორცნებად მოიხსენიებდნენ.
რა არის ანარქიზმი? ყველაფერი ეს ჩემთვის გაურკვეველი იყო. მაგრამ შემდგომი ფიქრისთვის მე არ მქონდა დრო. ადამიანები გადიოდნენ დარბაზიდან, და მეც გავყევი მათ. თავმჯდომარე გრაიე და მათი მეგობრების ჯგუფი ჯერ კიდევ პლატფორმაზე იმყოფებოდნენ. როდესაც მე მათკენ შევტრიალდი, გრაიემ ჟესტით მიმიხმო თავისკენ. მე შევშინდი, გული სასოწარკვეთისაგან მიცემდა. როდესაც მას მივუახლოვდი, მან ხელი გამომიწოდა და მითხრა: „მე არასოდეს მინახავს სახე, რომელიც ასე გამოხატავს გრძნობათა ღელვას, როგორც თქვენი. თქვენ ალბათ ძალიან გრძნობთ მოსალოდნელ ტრაგედიას. თქვენ იცნობთ ამ ადამიანებს?“ მე აღელვებული ხმით ვუპასუხე: „სამწუხაროდ, არა, მაგრამ მე შევიგრძენი ეს ყველაფერი მთელი ჩემი არსით, და როცა მე ვუსმენდი თქვენს გამოსვლას, მეჩვენებოდა, რომ მე მათ ვიცნობდი“.
მან ხელი მხარზე დამადო. „მე მეჩვენება, რომ თუ თქვენ მათი იდეალების შესახებ გაიგებთ, უკეთ გაიცნობთ და მათი საქმე თქვენი საქმე გახდება“.
მე მივდიოდი სახლში და თავი სიზმარში მეგონა. ჩემს დას, ელენას ეძინა, მაგრამ მე დიდი სურვილი მქონდა, გამეზიარებინა მისთვის ის, რაც გადავიტანე. მე ის გავაღვიძე და თითქმის სიტყვა–სიტყვით ვუამბე მას მთელი ამბავი. ალბათ ძალიან დრამატულად ვუყვებოდი ელენას ყველაფერს, რადგან მან წამოიძახა: „მომავალში რასაც მე გავიგებ ჩემს უმცროს დაზე, ეს არის ის, რომ ის საშიში ანარქისტია“.
რამდენიმე კვირის შემდეგ მე მომეცა შესაძლებლობა, სტუმრად მივსულიყავი ნაცნობ გერმანულ ოჯახში. ისინი მეტად აღელვებულები დამხვდნენ. ვიღაცას მათთვის ნიუ–იორკიდან გამოუგზავნია გერმანულენოვანი გაზეთი «Die Freiheit», რომელსაც გამოსცემდა იოჰან მოსტი. მათი გერმანული საუბრის გამო სული შემეხუთა, ის ძალზე განსხვავდებოდა იმისგან, რაც მე სოციალისტურ მიტინგებზე და იოჰანნა გრაიეს გამოსვლაში მომისმენია. ის მეჩვენა ლავად, რომელიც აფრქვევდა ცეცხლოვან დაცინვას, ზიზღს და უპატივცემულობას; ის ღრმად მძულვარებით სუნთქავდა იმ ძალებისადმი, რომლებიც აპირებდნენ დანაშაულის ჩადენას ჩიკაგოში. მე რეგულარულად დავიწყე გაზეთ „Die Freiheit“-ის კითხვა, იმ ლიტერატურის კითხვა, რომლის რეკლამირებასაც ახდენდა ეს გაზეთი და ხარბად ვკითხულობდი თითოეულ სტრიქონს ანარქიზმზე, რაც კი შემეძლო მეშოვა, თითოეულ სიტყვას მსჯავრდებულებზე, მათ ცხოვრებაზე. მე ვკითხულობდი მათ გმირულ წინააღმდეგობაზე სასამართლოს დროს და მათ გასაოცარ დაცვაზე. მე ვხედავდი, როგორ იღებოდა ჩემს წინ ახალი სამყარო. საშინელი მოვლენა, რომლისაც ყველას ეშინოდა, თუმცა მაინც იმედოვნებდნენ, რომ ის არ მოხდებოდა, მოხდა.
როჩესტერული გაზეთების სპეციალური გამოცემები ავცელებდნენ ახალ ამბავს: ანარქისტები ჩამოახრჩვეს! მე და ელენა განადგურებულები ვიყავით. ამ ამბავმა ელენას სრულიად გამოაცალა მხნეობა. მან მხოლოდ ჩუმად ტირილი შეეძლო. მე კი სრულიად გაშეშებული ვიყავი და ტირილიც არ შემეძლო.
საღამოს წავედით მამასთან. ყველა საუბრობდა ჩიკაგოს მოვლენებზე. შემიპყრო დანაკლისის განცდამ, რომელსაც როგორც საკუთარს, ისე განვიცდიდი. უეცრად გავიგონე ქალის ხრინწიანი სიცილი. გამსჭვალავმა ხმამ დამცინავად წარმოთქვა: „რა საჭიროა გოდება? ეს ადამიანები მკვლელები იყვნენ. კარგია, რომ ისინი ჩამოახრჩვეს“. მე მას ყელში ვწვდი, მერე ვიგრძენი, რომ მე მისგან მიმათრევდნენ. ვიღაცამ თქვა: „ბავშვი ჭკუიდან შეიშალა“. მე წავავლე ხელი მაგიდაზე მდგარ წყლით სავსე დოქს და მთელი ძალით ვესროლე ამ ქალს სახეში. „მოშორდით აქაურობას, – ვყვიროდი მე, – თუ არადა, მოგკლავ!“ შეშინებული ქალი მივარდა კარებს, მე იატაკზე დავემხე. მერე ლოგინში დამაწვინეს და ღრმად ჩამეძინა.
მეორე დღეს, თითქოს დიდი ხნის ავადმყოფობის შემდეგ გამეღვიძა. მაგრამ დათრგუნვის განცდა, ამ რამდენიმე კვირის გულშემზარავი მოლოდინი დასრულდა ბოლო შეძრწუნებით. ვგრძნობდი, რომ ჩემს სულში დაიბადა რაღაც ახალი და სასწაულებრივი. დიადი იდეალი, მხურვალე რწმენა, გადაწყვეტილება, მიუძღვნა საკუთარი თავი წამებით დაღუპული ამხანაგების ხსოვნას, ვაქციო მათი საქმე საკუთარ საქმედ და მოვუყვე მთელ მსოფლიოს მათ მშვენიერ ცხოვრებაზე და გმირულ სიკვდილზე.
1916 წ. 11 თებერვალს ნიუ – იორკში ქალთა უფლებებისათვის და სოციალური თანასწორობისათვის მებრძოლი ცნობილი მოღვაწე, ანარქისტი, ფემინისტი და ათეისტი ემა გოლდმანი დააპატიმრეს.
დაპატიმრების მიზეზი შობადობის კონტროლის შესახებ ლექციების წაკითხვა და ბეჭდური მასალის გავრცელება გახდა. გოლდმანს ბრალად 1873 წლის კომსტოკის აქტის დარღვევა ედებოდა, რომლის მიხედვითაც კონტრაცეპტივების ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელება ფედერალურ დანაშაულად ითვლებოდა.
გოლდმანი 1869 წლის 27 ივნისს ღარიბი ებრაელის ოჯახში დაიბადა. 17 წლის ასაკში სახლიდან გაიქცა და ერთწლიანი ხეტიალის შემდეგ ამერიკაში, ქალაქ როჩესტერში ამოჰყო თავი. იგი ქარხანაში მოეწყო სამუშაოდ, სადაც მუშათა მოძრაობის წევრი გახდა.
ახალგაზრდა გოგონაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა 1886 წელს ჩიკაგოში განვითარებულმა ცნობილმა მოვლენებმა, როდესაც ანარქისტების მიერ ორგანიზებული მუშათა აქცია პოლიციასთან სისხლიან და სასტიკ შეტაკებაში გადაიზარდა. მოგვიანებით შედგა ანარქისტების სასამართლო. ოთხ მათგანს ჩამოხრჩობა მიესაჯა. ამის შემდეგ გოლდმანი ნიუ- იორკში გადასახლდა, სადაც ანარქისტების მოძრაობას შეუერთდა. აქვე გაიცნო ახალგაზრდა რუსი აქტივისტი ალექსანდრე ბერკმანი, რომელთანაც რომანი გააბა.
ქალთა რეპროდუქციული არჩევანის უფლებების დაცვის გარდა, ემა გოლდმანი ომის წინააღმდეგაც გამოდიოდა. 1917 წელს აშშ-ს პირველ მსოფლიო ომში ჩართვის წინააღმდეგ მოწყობილი გამოსვლების გამო დააპატიმრეს და საპატიმროში ორ წელს გაატარა. ამის შემდეგ კი, რუსეთში იქნა დეპორტირებული.
ემა გოლდმანმა სიცოცხლის დარჩენილი ნაწილი რუსეთში, ევროპასა და კანადაში გაატარა. 1940 წელს, 70 წლის ასაკში, ტორონტოში გარდაიცვალა. იგი ჩიკაგოსთან ახლოს, უალდჰეიმის სასაფლაოზე, სხვა ცნობილი ანარქისტებისა და პოლიტიკური რადიკალების გვერდით დაკრძალეს.
წყაროები:
https://magentavision.wordpress.com
http://newslive.ge
თაკო სონღულაშვილი