ევროპარლამენტი ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლებას მოითხოვს
ევროპის პარლამენტმა უკრაინელი პილოტის ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლება მოითხოვა. ეს რეზოლუცია სტრასბურგში გამართული სესიის ბოლო დღეს იყო მიღებული. სხდომა საერთო დებატების ფარგლებში გაიმართა ადამიანის უფლებათა, დემოკრატიის და სამართლებრივი სახელმწიფოს ნორმების დარღვევის საკითხზე. ეს დებატები ევროპარლამენტში ორჯერ გადადეს სოციალისტთა ფრაქციის ზეწოლის შედეგად.
„რუსეთმა დაუყოვნებლივ და ყოველგვარი წინაპირობის გარეშე სავჩენკო უნდა გაათავისუფლოს. მისი ბრალის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება დღემდე წარმოდგენილი არ არის. რუსეთმა პატივი უნდა სცეს მის მიერ აღებულ ვალდებულებას ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში“, – განაცხადა სხდომაზე საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში ევროკომისარმა ნევენ მიმიკამ.
უკრაინელ პილოტს ნადეჟდა სავჩენკოს ლუგანსკთან ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში მონაწილეობა ედება ბრალად. ასევე მას რუსეთის ფედერაციის საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ადანაშაულებენ.