უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო – მოსკოვში პან გი მუნის ვიზიტი გაეროს მიმართ ჩვენს ნდობაზე იმოქმედებს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა დიმიტრი კულებამ უკრაინის ერთ-ერთი ტელეარხის ეთერში განაცხადა, რომ მოსკოვში გაეროს გენერალური მდივნის პან გი მუნის ვიზიტი „პირდაპირ იმოქმედებს გაეროს აღქმაზე, მის მიმართ ნდობაზე არა მარტო უკრაინაში, არამედ მთელ მსოფლიოში“.
კულებას თქმით, ეს ვიზიტი არის „საერთაშორისო უსაფრთხოების თანამედროვე სისტემის დიდი წუხილი“. მან გაიხსენა, რომ გაეროს მთავარი ფუნქციაა მშვიდობის შენარჩუნება და შეიარაღებული ძალების გამოყენების დაუშვებლობა. „რა თქმა უნდა, თუ გაეროს გენერალური მდივანი მიდის ქვეყანაში, რომელიც არღვევს მშვიდობას, განახორციელა შეიარაღებული აგრესია სხვა ქვეყნის წინააღმდეგ, ეს ჩვენს კითხვებს იწვევს“, – განაცხადა მან.
დიმიტრი კულებას განცხადებით, 9 მაისი საერთო დღესასწაულია ყველასთვის, ვინც ფაშიზმს ებრძოდა და გაერო სწორედ ამ გამარჯვების შედეგად შეიქმნა, მაგრამ ისტორიული მოვლენების პატივისცემის პარალელურად მნიშვნელოვანია რეალობასთან კავშირი არ დაიკარგოს და ორგანიზაციის სახე შენარჩუნდეს.
„იმედს ვიტოვებთ, რომ პან გი მუნი ამ ვიზიტს გამოიყენებს და ვლადიმერ პუტინს პირადად ეტყვის, რომ მან უკრაინის წინააღმნდეგ რუსეთის აგრესია შეაჩეროს და გაეროს ფუნდამენტური პრინციპების და მიზნების დარვევა შეწყვიტოს“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები