ნიუ-იორკში საპროტესტო გამოსვლების 100 მონაწილე დააკავეს

სულ მცირე 100 ადამიანია დაკავებული ნიუ-იორკში, სადაც, ბალტიმორის მსგავსად, შავკანიანი მოსახლეობის საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ფრედი გრეის გარდაცვალების გამოძიებას მოითხოვენ. ტელეკომპანია ABC-ის ცნობით, ქუჩებში ათასობით დემონსტრანტი გამოვიდა. ფრედი გრეი ბალტიმორის პოლიციამ 12 აპრილს დააკავა. დაკავების დროს მან კისრისა და ხერხემლის დაზიანება მიიღო, რის შედეგად კომაში ჩავარდა. რამდენიმე დღის შემდეგ კი 25 წლის შავკანიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ნიუ-იორკში აქციის ორგანიზატორების თქმით, ისინი ბალტიმორის მოსახლეობას სოლიდარობას უცხადებენ.
შეგახსენებთ, რომ ბალტიმორში რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების შედეგად ათობით ავტომანქანა დაიწვა, დემონსტრანტებმა რამდენიმე სახლი დაარბიეს, მერილენდის შტატის უმსხვილეს ქალაქში, საერთო ჯამში, 200 ადამიანი იყო დაპატიმრებული. ხელისუფლებამ მერილენდში ეროვნული გვარდიის ნაწილები შეიყვანა და კომენდანტის საათი გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები