ჯანსაღი პროცესი თუ პოლიტიკური კრიზისი – რას ფიქრობენ პოლიტიკოსები და ექსპერტები მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებებზე

ბოლო ორი დღის განმავლობაში სამთავრობო გუნდი კიდევ ორმა მინისტრმა დატოვა. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ელგუჯა ხოკრიშვილის შემდეგ, თანამდებობიდან წასვლის შესახებ დღეს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა განაცხადა. ლევან ყიფიანი რიგით მეშვიდეა, რომელმაც მინისტრთა კაბინეტი დატოვა. პარლამენტს მთავრობის შემადგენლობის ხელახლა დამტკიცება მოუწევს. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საკანონმდებლო ორგანო მთავრობას ნდობას სწორედ მას შემდეგ უცხადებს, რაც მინისტრთა კაბინეტში რიგით მეშვიდე მინისტრი იცვლება.

“კვირასთან“ კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე განმარტავს, რომ კონსტიტუციის თანახმად, მთავრობის თავდაპირველი შემადგენლობის ერთი მესამედით, მაგრამ არანაკლებ მთავრობის 5 წევრით განახლების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი ნდობის მისაღებად პრემიერის მოვალეობის შემსრულებლის მიერ დასახელებულ მთავრობის შემადგენლობას ერთი კვირის ვადაში პარლამენტს წარუდგენს. მთავრობას პარლამენტის ნდობის მისაღებად 76 დეპუტატის ხმა დასჭირდება.10656372_367411983464991_514415326_n

“საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით პროცედურა ასეთია: საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს ერთი კვირის ვადაში წარუდგენს მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად. ამავე ვადაში, თავის მხრივ, პრეზიდენტისთვის პრემიერის კანდიდატურა წარდგენილი უნდა იყოს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ, ანუ არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტის მიერ, მინისტრობის კანდიდატები უნდა დაასახელოს პრემიერობის კანდიდატმა და შემდეგ ეს კანდიდატურები ერთი კვირის ვადაში პრეზიდენტმა უნდა წარუდგინოს პარლამენტს“,- აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.

დღეს ყიფიანის მიერ გადადგომასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შემდეგ გამოითქვა ვერსიები, რომ პრემიერის მიერ წადგენილ კანდიდატურებს შორის ვერ მოხვდებოდა იმ მინისტრთა ნაწილი, რომლებიც ამა თუ იმ უწყებას ხელმძღვანელობენ. აღნიშნული ვარაუდები პრემიერმა მალევე გააქარწყლა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტს მთავრობის განახლებულ შემადგენლობას წარუდგენს. ირაკლი ღარიბაშვილი ახალ მინისტრებს მხოლოდ იმ უწყებებში დანიშნავს, რომელთა ხელმძღვანელებმა თანამდებობები დატოვეს. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებებს პრემიერი ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესად მიიჩნევს და აცხადებს, რომ პოლიტიკური გუნდი, ქვეყნის განვითარების ინტერესების გათვალისწინებით, ერთიანია. პრემიერ-მინისტრმა საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტს მიმართა თხოვნით, მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში მოხდეს მთავრობისთვის ნდობის ხელახლა გამოცხადება და შესაბამისი პროცედურები მიმდინარე კვირას დასრულდეს.11198888_367412200131636_1353889354_n

„პარლამენტი ხელახლა გამოუცხადებს ნდობას მთავრობას და პოლიტიკური გუნდი გააგრძელებს ჩვეულ ტემპში მუშაობას. ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები, ამას სჭირდება 24-საათიანი მუშაობა. მინდა, დავარწმუნო ჩვენი მოქალაქეები, რომ ყველა ცვლილება, რომელიც ხორციელდება, მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება – დაჩქარდეს რეფორმები, შედეგები გახდეს უფრო ეფექტური და ეს აისახოს ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებებზე კომენტარები დილიდან კეთდება პოლიტიკოსთა და ექსპერთა წრეებში. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ბიუროს სხდომის დასაწყისში მთავრობის განახლებული შემადგენლობის დამტკიცების პროცედურები და პარლამენტის როლი განმარტა. უსუფაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრს აქვს ორკვირიანი ვადა იმისთვის, რომ ვაკანტურ თანამდებობებზე ახალი მინისტრები წარადგინოს. მისივე განმარტებით, პრეზიდენტის მიერ ახალი მინისტრების პარლამენტისთვის წარდგენის შემდეგ საკანონმდებლო ორგანოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებისთვის 7-დღიანი ვადა აქვს. სახელისუფლებო გუნდში ფიქრობენ, რომ ცვლილებები ნორმალური და გარდაუვალი პროცესია.

ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე – პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, მინისტრების შეცვლა ადრეც ხდებოდა, დღესაც ხდება და მომავალშიც იქნება.

“მე ვფიქრობ, რა პროცესები ხდება, ყველაფერი ჯანსაღია. ზოგადად, მინდა გითხრათ ერთი რამ, რომ აქ გასაკვირი, გასაოცარი არაფერი ხდება. ეს ჩვეულებრივი პროცესია. ადრეც ხდებოდა მინისტრების შეცვლა, დღესაც ხდება და ეს მომავალშიც იქნება, ეს გარდაუვალია. ეს ყველაფერი არის სწრაფვა უკეთესობისკენ”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძემ პარალელი ყოფილ ხელისუფლებასთან გაავლო და განაცხადა, რომ იმ პერიოდში მინისტრები სამ თვეში ერთხელ იცვლებოდნენ. ამასთან, კახა კალაძე უარყოფს ინფორმაციას, რომ პარლამენტში ნდობის გამოსაცხადებლად წარდგენილი მთავრობის ახალი შემადგენლობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი არ იქნება. ვიცე-პრემიერი გუნდის შიგნით დაპირისპირებასაც გამორიცხავს.

“არანაირი დაპირისპირება არ მქონია და არ მაქვს არც ირაკლი ღარიბაშვილთან, არც ლევან ყიფიანთან. ძალიან კარგად მესმის, რომ გარკვეულ ჯგუფებს, ჩვენს ოპონენტებს აქვთ სურვილი, რომ გუნდში, პრემიერ-მინისტრსა და ვიცე-პრემიერს შორის დაპირისპირება იყოს, მაგრამ, მათდა სამწუხაროდ, ეს ასე არაა და არ იქნება. რაც შეეხება პრემიერობის კანდიდატს, ჩვენ გვყავს პრემიერ-მინისტრი, ეს ირაკლი ღარიბაშვილია”, – განაცხადა კალაძემ.

უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე დარწმუნებულია, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავის პოსტს შეინარჩუნებს.

“100%-ით შემიძლია ვთქვა, რომ ღარიბაშვილი პრემიერი იქნება. რაც შეეხებათ სხვა მინისტრებს, ისინი შეიცვლებიან თუ არა, ჯერჯერობით არ ვიცი”, – განაცხადა საგანელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ ცვლილებები მთავრობაში საბოლოოდ პრემიერ-მინისტრსაც შეეხება, თუმცა რაც უფრო გაჭიანურდება ეს პროცესი, მით უფრო მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ მოქალაქეს, ჩვენს ჯიბეს, ლარის კურსსა და ქვეყნის განვითარებას.11185682_367412590131597_814592367_n

“დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის აზრით, კი არსებული ვითარებიდან ერთადერთ გამოსავალს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და ხელისუფლებაში რეალური ცვლილებები წარმოადგენს. ამის შესახებ ბურჯანაძემ მთავრობაში მიმდინარე ცვლილებების შეფასებისას განაცხადა.

რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციას, პარტიის წევრი გიორგი ღვინიაშვილი მთავრობის არსებული შემადგენლობის გადადგომის აუცილებლობაზე საუბრობს. მან განცხადება დღეს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ღვინიაშვილის თქმით, “ქვეყანას სჭირდება ხელისუფლება, რომელიც საზოგადოების დაკვეთას შეასრულებს და საქმეს გააკეთებს“.

შეფასებები გააკეთდა ექსპერტების მხრიდანაც. “კვირასთან“ საუბრისას ექსპერტი ზურაბ ბიგვავა მინისტრთა კაბინეტში მიმდინარე ცვლილებებს დადებითად აფასებს. ექსპერტი მიიჩნევს, რომ ის, რაც მოხდა, აუცილებელი იყო, რადგან ამით პროცესები უკეთესობისკენ მიდის. ამასთან, ბიგვავა აღნიშნავს, რომ განვითარებული მოვლენები ასაღელვებელი და შესაშფოთებელი არ არის.

„ასაღელვებელი ამ პროცესებში არაფერი არ არის. ეს არ არის კრიზისული გადადგომა. ჩვეულებრივი პროცესია. მთავრობის წევრები იცვლებიან, ნაწილი უკვე შეიცვალა. შესაფოთებელი მიზეზი მოსახლეობას არ აქვს. დაძაბულობა და სამხედრო მდგომარეობა არ არის. გადადგა მეშვიდე მინისტრი. დაიწყება ჩვეულებრივი კონსტიტიციური პროცესი. ორ კვირაში წარადგენენ ახალ მინისტრთა კაბინეტს. გადადგომის ფორმალურად მიზეზად რა დაასახელეს, არ აქვს მნიშვნელობა. როგორც ჩანს, იყო გარკვეული პრობლემები და გადახალისება მოხდა გარკვეული პრინციპებით. ყველა ცვლილება, რომელიც ხდება, მიმართულია უკეთესობისკენ. აუცილებელი იყო, რომ ეს მომხდარიყო“, – განაცხადა ბიგვავამ.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მთავრობას პარლამენტში ნდობის გამოცხადების მხრივ პრობლემა შეექმნება – ასევე “კვირასთან“ საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე განმარტავს, რომ თუ  პარლამენტი მხარს არ დაუჭერს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატურებს, 30 დღის ვადაში ტარდება განმეორებით კენჭისყრა, განმეორებითი კენჭისყრის შემთხვევაშიც თუ ვერ მიიღებს ნდობას მთავრობა, იწყება ახალი პროცედურა.10443788_367412756798247_2048030394_n

“ასეთ შემთხვევაში პარლამენტის წევრთა 2/5-ს შეუძლია დაასახელოს პრემიერის საკუთარი კანდიდატურა და წარუდგინოს პრეზიდენტს, საკანონმდებლო ორგანოში არის 150 პარლამენტარი. თეორიულად შესაძლებელია, რომ პრემიერობის 2 კანდიდატი იქნას წარდგენილი სხვადახვა ჯგუფიდან, ამ შემთხვევაში პრეზიდენტი ვალდებულია, ის კანდიდატურა წარადგინოს, რომელთაც დეპუტატთა მეტი რაოდენობა უჭერს მხარს, თუმცა თუ დეპუტატთა ხმების რაოდენობა თანაბარია, მაშინ პრეზიდენტს აქვს უფლება, შეარჩიოს ის კანდიდატურა, რომელიც მას სურს. თუ ამ პროცედურის შემდეგ მთავრობას ისევ არ გამოუცხადებენ ნდობას, პრეზიდენტი ვალდებულია, 3 დღის ვადაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს“, – განუცხადა “კვირას“ ვახტანგ ძაბირაძემ.

მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობის თავდაპირველ შემადგენლობაში 7 მინისტრი შეიცვალა, მინისტრები და მათ შორის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოვალეობის შემსრულებლად მიიჩნევიან. მოუწევს თუ არა საქართველოს პრეზიდენტს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, ამას დრო და კანონმდებლობით სავალდებულო პროცედურების შედეგები აჩვენებს.

მარიამ ზედგინიძე 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები