ახალგაზრდა, რომელიც მცხეთის ქუჩაზე დაჭრეს პარლამენტის დეპუტატის შვილია
თბილისში, მცხეთის ქუჩაზე დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თენგიზ ხუბულურის შვილია, – ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს უმრავლესობის დეპუტატმა შოთა ხაბარელმა დაადასტურა.
როგორც ჟურნალისტებს ხაბარელმა რესპუბლიკურ საავადმყოფოში განუცხადა, მას თავად დაჭრილი არ უნახავს, თუმცა მისივე თქმით, გაესაუბრა ექიმს, რომელმაც უთხრა, რომ ოპერაცია მალე დასრულდება და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
თბილისში, მცხეთის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცი დღეს, საღამოს დაჭრეს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 118-ე მუხლის პირველი ნაწილით არის დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.