გიგი უგულავას ადვოკატებმა მოსამართლის შენიშვნა დაიმსახურეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლაშა ჩხიკვაძემ დედაქალაქის ყოფილი მერის ადვოკატები პროცესის ხელოვნურად გაჭიანურებაში დაადანაშაულა. მოსამართლემ სპეციალური განცხადებით გიგი უგულავას უფლებადამცველებს მიმართა.
აღსანიშნავია, რომ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში “თბილსერვისჯგუფისა” და რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმეზე ყოფილი მერის, ბრალდებულ გიგი უგულავას სასამართლო პროცესი გაიმართა.
პროცესზე დაცვის მხარემ დასაკითხად ერთი მოწმე წარმოადგინა. ამის შემდეგ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ სპეციალური განცხადებით ადვოკატებს მიმართა. როგორც მოსამართლემ აღნიშნა, ობიექტური და გონივრული მართლმსაჯულების აღსრულება ვერ ხერხდება.
„მე ვფიქრობ და რატომ ვფიქრობ, ამის არგუმენტაციასაც მოვიყვან, რომ დაცვის მხარე, სტრატეგიიდან გამომდინარე, პროცესის გაჭიანურებას ხელოვნურად ცდილობს. ამას ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ საქმეზე ორი ობიექტური ფაქტორი გვაქვს. პირველ რიგში, ის, რომ ჩვენ უკვე მე-4 პროცესია თითო-თითო მოწმეს ვკითხავთ, მაშინ, როდესაც ჩვენ ამ პერიოდისთვის პრაქტიკულად მთელი დღე გვაქვს გამოყოფილი და ეს იმას ნიშნავს, რომ სასამართლო თავის ძვირფას დროს სწორედ იმისთვის გამოყოფს, რომ მხარეებმა საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევა მაქსიმალურად შეძლონ. მეორე მინდა ამას ხაზი გავუსვა, რომ ამას არ მოყვეს გარკვეული სპეკულაციები. საუბარია იმაზე, რომ დაცვის ყველა მტკიცებულება უდაოდ არის გამხდარი, მათ შორის ის მტკიცებულებები, რომელსაც ახლა ვიკვლევთ“, – განაცხადა ლაშა ჩხიკვაძემ.
მოსამართლის ამ განცხადებაზე დაცვის მხარემ საკუთარი არგუმენტები წარმოადგინა. ადვოკატის მტკიცებით, დღევანდელ პროცესზე ერთზე მეტ მოწმეს ვერ მოიყვანდნენ იმიტომ, რომ პარალალურ პროცესზე რთული პროცესები განვითარდა.
„მეორეც, ჩვენ სულ რაღაც 3 მოწმე დავკითხეთ მაშინ, როცა 2 წლის განმავლობაში ბრალდების მხარის მტკიცებულებებს ვიკვლევდით და ბრალდების მხარეს ორზე მეტი მოწმე არც ერთ პროცესზე არ წარმოუდგენია“, – განაცხადა ადვოკატმა.
ამის შემდეგ მოსამარლემ მოწმეების წარსადგენად დაცვის მხარეს ორი სრული საპროცესო დღე გამოუყო.
„დაცვის მხარეს გამოვუყოფ ორ მთლიან საპროცესო დღეს, ანუ დილიდან საღამომდე და ძალიან გთხოვთ, თქვენი მოწმეების წარმოდგენა უზრუნველჰყავით. მოიყვანთ ათ მოწმეს –
დავკითხავთ ათ მოწმეს. თუ მოიყვანთ ერთ მოწმეს, ჩვენ დავკითხავთ ერთ მოწმეს და ამით ჩვენ შემდეგ სტადიაზე გადავალთ, ანუ დაცვის მტკიცებულებების გამოკვლევას დავასრულებთ“, – აღნიშნა ლაშა ჩხიკვაძემ. ამავე საკითხზე დღესვე კომენტარი პროკურორმა გიგა ძნელაძემაც გააკეთა. „როგორც ჩემს მიერ წინა სასამართლო პროცესის დროს იქნა აღნიშნული, კიდევ ერთხელ ნათლად დადასტურდა, რომ დაცვის მხარის მიერ პროცესის გაჭიანურება ცალსახად ხდება. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს მიერ ყველა პროცესის გაწერა წინასწარ ხდება, სხვა სასამართლო პროცესებს ამთხვევენ, რის გამოც მხოლოდ და მხოლოდ ერთი მოწმე მოყავთ, რომელიც სასამართლოს აბსოლუტურად არაფერს ღირებულს არ აძლევს, არაფერი ახსოვს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშრებით და დაცვის მხარის მიერ მათი დაკითხვის ერთადერთი მიზანი – ეს არის პროცესის გაჭიანურება“, – განაცხადა გიგა ძნელაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები