მოსამართლესა და ვანო მერაბიშვილს შორის დაპირისპირება მოხდა – მოსამართლემ დარბაზი დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილსა და ბრალდებულ ვანო მერაბიშვილს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. მერაბიშვილმა მოსამართლეს მიმართა, ”უზრდელობისთვის თავი დაენებებინა და სიტყვას ნუ აწყვეტინებდა”. მოსამართლემ მერაბიშვილს სასამართლო პროცესზე განცხადება არ დაასრულებინა. მოსამართლის თქმით, მერაბიშვილის განცხადება პოლიტიკური ხასიათის იყო.
მერაბიშვილმა სიტყვის წარმოათქმისას განაცხადა, რომ „როდესაც ნორმალური ხალხი დაბრუნდება მთავრობაში, სიტუაცია შემობრუნდება“. “ტრადიციულად ასაბუთებენ ადვოკატები, რომ გიგი უგულავა უკანონო პატიმრობაშია, რისი საჭიროებაც დღეს არ არსებობს. ყველამ იცით, რომ საქართველოს მთავრობამ გიგისთან მიმართებაში მდაბიური გამოსავალი იპოვა. საზოგადოებაში პესიმიზმი გაჩნდა, რომ ტარიფები გაიზრდება და ლარი კიდევ უფრო გაუფასურდება. მინდა, ქართულ საზოგადოებას ვუთხრა, რომ სიტუაცია არ არის პესიმისტური. როდესაც ნორმალური ხალხი დაბრუნდება მთავრობაში, სიტუაცია შემობრუნდება. ეს უკრაინამაც დაამტკიცა, როდესაც რამდენიმე პირმა სიტუაცია უკრაინაში გამოასწორა. როდესაც ეს ხალხი დაბრუნდება, ვინც ამ ხროვის ნათესავი არ არის, სიტუაცია საქართველოში უკეთესობისკენ წავა”, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.
სიტყვიერი შელაპარაკება მოსამართლესა და ვანო მერაბიშვილს შორის სწორედ ამ განცხადების შემდეგ მოხდა, რის შემდეგადაც მოსამართლემ სხდომათა დარბაზი დატოვა. ამასთან, სხდომა სახელმწიფო საიდუმლოს შემცველ დოკუმენტებთან დაკავშირებით დროებით დაიხურა. გიგი უგულავას, მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის, დავით კეზერაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის წინასასამართლო სხდომა დახურულ კარს მიღმა გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები