აშშ-ს ქალაქ ბალტიმორში სამხედროები შეიყვანეს (ვიდეო)
აშშ-ს ნაციონალური გვარდიის ქვედანაყოფები შეყვანილია ქალაქ ბალტიმორში, სადაც ორი დღეა არეულობა გრძელდება. პოლიცია დარბევის ორგანიზატორების დაშოშმინებას ვერ ახერხებს. საღამოს 10-დან დილის 5 საათამდე ქალაქში კომენდანტის საათიც კი შემოიღეს, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში იმოქმედებს. მაროდიორებმა არეულობისთვის საბაბად პოლიციელების მიერ ბალტიმორის 25 წლის შავკანიანი მკვიდრის მკვლელობა გამოიყენეს. მათ პოლიციელებს ქვები, ბოთლები და ასფალტის ნაჭრები დაუშინეს. 15 პოლიციელი დაშავდა, მათ შორის – ერთი მძიმედ. აქციების მონაწილეები წვავდნენ მანქანებს, ძარცვავდნენ აფთიაქებს და მაღაზიებს. პოლიცია მდგომარეობას ვერ აკონტროლებდა და სწორედ ამისთვის ბალტიმორში ეროვნული გვარდიის 1500 სამხედრო შეიყვანეს.
საპროტესტო გამოსვლების ორგანიზება სოციალური ქსელების მეშვეობით მოხდა. აქციის ორგანიზატორები მოუწოდებდნენ ადამიანებს, გაემეორათ ფილმის – „განკითხვის ღამე“ სცენარი. ფილმის სიუჟეტის მიხედვით, მოქალაქეებს წელიწადში ერთი დღის განმავლობაში ნებისმიერი დანაშაულის ჩადენის უფლება ეძლევათ და ამაზე პასუხს არ აგებენ.