შსს-ს ორი თანამშრომელი გენერალური ინსპექციის შემოწმების საფუძველზე სამსახურიდან დაითხოვეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი პოლიციელისათვის შეუფერებელი ქმედებისთვის, ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონოდ შეძენა-შენახვისა და უკანონოდ მოხმარების ფაქტზე სამსახურიდან დაითხოვეს.
შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, 1970 წელს დაბადებული, შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 1-ლი სამმართველოს 1-ლი განყოფილების 1-ლი ქვეგანყოფილების დაცვის თანამშრომელი გ.მ. დააკავეს, რომლისგან ამოღებულია 2 შეკვრა 0,83 გრ ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანა. ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად აღნიშნულ პირს ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. აღნიშნულის საფუძველზე სასამართლომ გ.მ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შესაბამისად 500 ლარით დააჯარიმა;
შსს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, 1986 წელს დაბადებული, შსს-ს პოლიციის აკადემიის მსმენელი – ი.რ. დააკავეს. ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად მას ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. აღნიშნულის საფუძველზე სასამართლომ ი.რ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შესაბამისად 500 ლარით დააჯარიმა.