პროკურატურა იური ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
იური ვაზაგაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ გიორგი სოსანაშვილისა და მისი ადვოკატის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადების საფუძველზე მოწმის სახით დაიკითხა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომელი როინ ასანიძე. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, როინ ასანიძემ კატეგორიულად უარყო გიორგი სოსანაშვილისგან დნმ-ის ნიმუშის აღების ფაქტი.
ამასთან, პროკურატურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბრალდებულ სოსანაშვილის ადვოკატისა და დაზარალებული მხარის წარმომადგენლის თანდასწრებით როინ ასანიძისგან აღებული იქნა დნმ-ის ნიმუშები და საექსპერტო კვლევისათვის გადაეგზავნა ექსპერტიზის ბიუროს უწყებაში აცხადებენ, რომ ექსპერტიზის დასრულებისთანავე პროკურატურა გაასაჯაროვებს მიღებულ შედეგებს.
„იური ვაზაგაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ გიორგი სოსანაშვილისა და მისი ადვოკატის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც თითქოსდა დაკავებამდე სოსანაშვილისაგან შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის შენობაში დნმ-ის ნიმუშის აღებას ეხებოდა, გამოძიების მიერ მოწმის სახით დაიკითხა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომელი როინ ასანიძე.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2015 წლის 20 იანვარს, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში ი. ვაზაგაშვილის მკვლელობის შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ექსპერტების, კრიმინალისტების, დაზარალებული მხარის ადვოკატების, მათ მიერ მოწვეული სპეციალისტის თანდასწრებით დაილუქა ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები, მათ შორის: ხელყუმბარის ამფეთქი ფალიის სახელური, რომელიც კვლევისათვის გადაეგზავნა ექსპერტიზის ბიუროს.
ჩატარებული ექსპერტიზით, ჯერ კიდევ 2015 წლის 24 იანვარს, ხელყუმბარის ამფეთქი ფალიის სახელურზე აღმოჩენილი იქნა კვლევისათვის ვარგისი ორი პირის დნმ-პროფილი. ხსენებულ დნმ-პროფილებს გ.სოსანაშვილის დაკავებამდე გამოძიების ფარგლებში შეუდარდა 46 მოქალაქის დნმ-ი, რომელთაგან არცერთი არ აღმოჩნდა იდენტური.
გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის მოწმეთა ჩვენებებითა და სატელეფონო ანძების ანალიზით დადგინდა, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის წინა დღეებში გიორგი სოსანაშვილი იმყოფებოდა კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში მდებარე სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე.
საქმეზე შეკრებილი მტიკცებულებების საფუძველზე, 2015 წლის 07 თებერვალს გ. სოსანაშვილი დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით. იმავე დღეს, გ.სოსანაშვილისგან აღებული დნმ-ის ნიმუში შედარდა სასაფლაოდან ამოღებულ ხელყუმბარის ამფეთქი ფალიის სახელურზე 2015 წლის 24 იანვარს აღმოჩენილ დნმ-ის პროფილებს, რომელთაგან ერთ-ერთი დაემთხვა გ. სოსანაშვილის დნმ-პროფილს, ხოლო მეორე დნმ-პროფილის იდენტიფიცირების მიზნით გამოძიება განაგრძობს აქტიურ მუშაობას.
გარდა ამისა, საქმეზე ჩატარებული პიროტექნიკური და ქიმიური ექსპერტიზებით დადგენილია, რომ ხელყუმბარა მოთავსებული იყო ზურა ვაზაგაშვილის საფლავზე არსებული ერთ-ერთი ქვის ფილის ქვეშ.
ბრალდებულ გ. სოსანაშვილისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებით, დაკავებამდე ერთ დღით ადრე, გ. სოსანაშვილს შს სამინისტროს გენერალური ინსპექიის თანამშრომელმა რ. ასანიძემ ვითომდა აუღო დნმ-ის ნიმუში. ამავე განცხადების თანახმად, ხელყუმბარის ამფეთქი ფალიის სახელურზე აღმოჩენილი მეორე დნმ-ი ეკუთვნის რ. ასანიძეს. ამასთან, დაცვის მხარემ პროკურატურას მიმართა შუამდგომლობით რ. ასანიძის მოწმის სახით დაკითხვის თაობაზე, რაც დაკმაყოფილდა ბრალდების მხარის მიერ.
2015 წლის 25 აპრილს, მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით მოწმის სახით დაიკითხა რ. ასანიძე, რომელმაც კატეგორიულად უარყო გ. სოსანაშვილისგან დნმ-ის ნიმუშის აღების ფაქტი და, მიუხედავად დაცვის მხარის შუამდგომლობის აბსურდულობისა, ამ თემის ირგვლივ წამოჭრილ ყველა კითხვაზე პასუხის გაცემის მიზნით, თავად გამოთქვა სურვილი ბრალდებულის ადვოკატისა და დაზარალებული მხარის თანდასწრებით მისგან დნმ-ის ნიმუშის აღებაზე და შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარებაზე.
პროკურატურამ გაითვალისწინა რ. ასანიძის სურვილი და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და მიუხედავად რ. ასანიძის მიმართ გამოთქმული ბრალდებების აბსურდულობისა, 2015 წლის 25 აპრილს, ბრალდებულ გ. სოსანაშვილის ადვოკატისა და დაზარალებული მხარის წარმომადგენლის თანდასწრებით რ. ასანიძისგან აღებული იქნა დნმ-ის ნიმუშები და საექსპერტო კვლევისათვის გადაეგზავნა ექსპერტიზის ბიუროს, რათა საქმეზე ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. ექსპერტიზის დასრულებისთანავე პროკურატურა გაასაჯაროვებს მიღებულ შედეგებს“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.