სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ჯანაშიას წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს
სახელმწიფო თანხების გაფლანგვის ბრალდებაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, თემურ ჯანაშიას წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.
როგორც საქმის პროკურორმა, ნათია სონღულაშვილმა განაცხადა, გამოძიების ეტაპზე საქმე გაიყო და, შესაბამისად, სასამართლოში სხვადასხვა მოსამართლე განიხილავს წინასასამართლო სხდომას.
პროკურორის განცხადებით, სააკაშვილსა და ჯანაშიას ბრალად წარდგენილი აქთ სახელმწიფო ქონების მართლსაწინააღდეგოდ გაფლანგვა. კერძოდ, როგორც სონღულაშვილმა განმარტა, ცხრა მილიონზე მეტი ლარი მიხეილ სააკაშვილის პრეზიდეტობის პერიოდში გამოყენებული იყო პირადი მიზნებისთვის, მათ შორის სხვადასხვა კოსმეტიკური მომსახურებისთვის და კეთილდღეობისთვის, ასევე საზღვარგარეთ დასვენებისთვის, სტუმრებისთვის და სუვენირებისთვის.
“რაც მთავარია, აღნიშნული ხარჯები შენიღბული იყო სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონის გრიფით, რათა არ გამხდარიყო თვალშისაცემი ფართო საზოგადოებისთვის. სასამართლოში წარმოდგენილი გვაქვს 32 ტომი მტკიცებულებები”, – განაცხადა პროკურორმა.
ადვოკატის ბარლდებებზე, რომ საქმეს პოლიტიკური სარჩული უდევს, ნათია სონღულაშვილმა აღნიშნა, რომ ეს აბსურდულია.
“რაიმე ფორმით საუბარი, რომ ეს საქმე პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნაა, სიმართლეს არ შეესაბამება. 150-ლარიანი ხელფასისა და პენსიის პირობებში პირადი მიზნებისთვის, კოსმეტიკური პროცედურებისა და ტანისამოსისთვის 9 მილიონის საიდუმლო ფორმატში ხარჯვა რამდენად კანონიერი იყო, ამას სასამართლო გადაწყვეტს”, – განაცხადა პროკურორმა.
პროცესის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ოთარ კახიძემაც, რომლის განცხადებითაც, დაცვის მხარეს აქვს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს, რომ პრეზიდენტის მიერ ამდაგვარი ხარჯების გაწევა განვითარებულ ქვეყნებში ნორმალური პროცესია. ამასთან, კახიძის თქმით, ამ საქმეზე სააკაშვილს და მისი ოჯახის წევრებს, ასევე თემურ ჯანაშიას დაუყადაღეს ქონება, რაც არამართლზომიერია. კერძოდ, როგორც ადვოკატმა განმარტა, ბრალდება არ ეხება ქონების მითვისებას და, შესაბამისად, დაცვის მხარე მოითხოვს, რომ დაყადაღებულ ქონებებს ყადაღა მოეხსნას.