ე.წ. კაბელების საქმეზე წინასასამართლო სხდომა 6 მაისს განახლდება
ე.წ. კაბელების საქმეზე წინასასამართლო სხდომა 6 მაისს, 11:00 საათზე განახლდება.
დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ მტკიცებულებების ნუსხა წარადგინა; მხარეებმა დააყენეს შუამდგომლობები დასაშვებობის საკითხთან დაკავშირებით, რაზეც ბრალდებისა და დაცვის მხარეების პოზიციებს სასამართლო შემდგომ სხდომაზე მოისმენს. ამის შემდეგ კი, მოსამართლემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ცნობს თუ არა დასაშვებად მტკიცებულებს.
როგორც ადვოკატმა ლევან სამუშიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ერთ-ერთი მტკიცებულება, რომლის დაუშვებლად ცნობასაც დაცვის მხარე ითხოვს, ექსპერტიზის დასკვნაა. რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე შუამდგომლობას, ადვოკატმა აღნიშნა, რომ დღეს აღნიშნული შუამდგომლობის დაყენება ვერ მოასწრო. პროცესის გადადების შემდეგ კომენტარი გააკეთა საქმის პროკურორმაც.
ნინო აღლემაშვილის განცხადებით, დაცვის მხარე დღეს სასამართლოზე არასწორად აპელირებდა კანონის დარღვევებზე.
“ ჩვენი მტკიცებულებები მოპოვებულია კანონის დაცვით. დღევანდელ პროცესზე იყო ერთი მნიშვნელოვანი ფაქტიც. კერძოდ, დაცვის მხარემ ორი შუამდგომლობა დააყენა. ერთით ითხოვდა მტკიცებულებების დაშვებას, მეორეთი კი -იგივე მტკიცებულების დაუშვებლად ცნობას. მტკიცებულებები ან დასაშვებია ან დაუშვებელი და ვფიქრობთ, რომ ეს გაურკვეველი და ბუნდოვანი მოთხოვნა იყო გახმოვანებული სასამართლო სხდომაზე”, – განაცხადა პროკურორმა.