ილია მეორე: ჩვენ ვცხოვრობთ ცუდ დროში, როცა ხდება სულიერი ფასეულობის გადაფასება
ჩვენ ვცხოვრობთ ცუდ დროში, როცა ხდება სულიერი ფასეულობის გადაფასება და როცა ადამიანი იცვლება, – აღნიშნული საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.
მანვე, ამავე ქადაგებაში აღნიშნა, რომ მეცნიერებაში წინ არის გადადგმული ნაბიჯები და ამავდროულად სულიერებასა და ზნეობაში – უკან. “გადადგმულია დიდი ნაბიჯები წინ მეცნიერებაში, ტექნიკაში, მაგრამ ამავე დროს უზარმაზარი ნაბიჯები გადადგმულია უკან სულიერებაში, რწმენაში, ზნეობაში. ჩვენ გვაკისრია დიდი მოვალეობა და დიდი პასუხისმგებლობა, დავეხმაროთ ჩვენს ხალხს”, – ბრძანა პატრიარქმა.
ილია მეორემ დღეს სამების საკათედრო ტაძარში ვაშინგტონის მთავარეპისკოპოსთან, სრულიად ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტ ტიხონთან ერთად იქადაგა.