სად-ის თანამშრომელი ციხეში მობილური ტელეფონის სიმბარათების შეტანას აპირებდა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №3 დაწესებულების უფროსი ინსპექტორ-იურისტი გურამ სურმანიძე დააკავეს. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ გურამ სურმანიძე, თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, მოქალაქეს დაჰპირდა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N3 დაწესებულებაში პატიმრისთვის გადასაცემად შეიტანდა მობილური ტელეფონის ორ ცალ სიმბარათს, რის სანაცვლოდაც, ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 2000 ლარი. გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე ითვალისწინებს). გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.