14 არალეგალ აფრიკელ მიგრანტს მატარებელმა გადაუარა
14 არალეგალი აფრიკელი მიგრანტი მაკედონიაში დაიღუპა. მათ ვიწრო ხეობაში, ქალაქ ველესის სიახლოვეს მატარებელმა გადაუარათ. „ინდეფენდენტი“ ცნობით, დაახლოებით 50-კაციანი ჯგუფი სომალიდან და ავღანეთიდან დასავლეთ ევროპაში ცდილობდა შეღწევას. ამ სახმელეთო მარშრუტს, რომელიც საბრძნეთიდან უნგრეთში მიდის, მრავალი არალეგალი მიგრანტი იყენებს. როდესაც ეს ადამიანები რკინიგზაზე, ვიწრო კანიონში მიდიოდნენ, გამოჩნდა მატარებელი, რომელიც მაკედონიიდან სერბეთში გადაადგილდებოდა. მემანქანემ რელსებზე მყოფი ადამიანები შენიშნა, მაგრამ მატარებელი დროზე ვერ გააჩერა.
ეს ინციდენტი ხმელთაშუა ზღვაში რამდენიმე დღის წინ მომხდარი ტრაგედიის შემდეგ მოხდა. 19 აპრილს მიგრანტებით სავსე გემის ჩაძირვის შედეგად 800 ადამიანი დაიღუპა. ევროკავშირის ლიდერები აფრიკიდან უკანონო მიგრაციასთან საბრძოლველად გადამჭრელი ზომების მიღებას აპირებენ.