რამზან კადიროვი – გადადგომისთვისაც მზად ვარ და სიკვდილისთვისაც

ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის განცხადებით, ის მზად არის დაკავებული თანამდებობიდან გადადგეს, თუ მას უმაღლესი მთავარსარდალი უბრძანებს. კადიროვმა მას და ვლადიმერ პუტინს შორის დაპირისპირების ინსპირირების მცდელობებს „სასაცილო“ უწოდა.
„მე უმაღლესი მთავარსარდლის უბრალო ქვეითი ვარ. თუ ბრძანებას მომცემს, მას 100%-ით შევასრულებ. საჭირო იქნება, წავალ, საჭირო იქნება – დავიღუპები – ამისთვისაც მზად ვარ. ამიტომ კადიროვის და პუტინის დაპირისპირებაზე საუბარი ძალიან სასაცილოა. ის ჩვენი უმაღლესი მთავარსარდალია“, – განუცხადა კადიროვმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, ცრუპატრიოტები და „ბატონი ლიბერალები“ ცდილობენ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანონ და ყველაფერს აკეთებენ, რომ რუსეთი მეორე უკრაინა გახდეს. „მაგრამ ეს არასოდეს მოხდება“, – ამბობს კადიროვი. მანამდე სკანდალი გამოიწვია კადიროვის განცხადებამ იმის შესახებ, რომ ის უფლებას აძლევს ჩეჩენ პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნან სხვა რეგიონების სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლებს, რომლებიც ჩეჩნეთის ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად მის ტერიტორიაზე სპეცოპერაციას ჩაატარებენ. „დრო, როდესაც ჩეჩნებს უდანაშაულოდ კლავდნენ, წარსულს ჩაბარდა“, – განაცხადა კადიროვმა.
რამზან კადიროვის ამ განცხადებებს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო დაუშვებლად მიიჩნევს. შსს-ს ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ სტავროპოლის პოლიციის თანამშრომლები 19 აპრილს გროზნოში ერთ-ერთი პირის დაკავების ოპერაციას ატარებდნენ, რომელმაც მანამდე სტავროპოლის მკვიდრს ცეცხლი გაუხსნა. დაკავების დროს ამ პირმა მანქანა პოლიციის ავტომობილებს დააჯახა და გაქცევა სცადა. პოლიციელებმა მას ცეცხლი გაუხსნეს, ვინაიდან მათ სოცოცხლეს საფრთხე შეექმნათ. ერთ-ერთი გასროლა სასიკვდილო აღმოჩნდა. რუსეთის შსს აცხადებს, რომ ამ ოპერაციის შესახებ სტავროპოლის პოლიციამ კანონის შესაბამისად ჩეჩნეთის შესაბამის სტრუქტურებს წინასწარ შეატყობინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები