აშშ-ს პრეზიდენტმა „ალ-ქაიდას“ წინააღმდეგ განხორციელებული ოპერაციის დროს მძევლების დაღუპვაზე პასუხისმგებლობა აიღო
აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ის იღებს პასუხისმგებლობას ორი მძევლის – ამერიკელი უორენ სუანსტინის და იტალიელი ჯოვანი ლო პორტოს დაღუპვაზე ავღანეთ-პაკისტანის საზღვარზე „ალ-ქაიდას“ წინააღმდეგ გამხორციელებული ოპერაციის დროს. აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, ოპერაციის დაგეგმვის დროს ამერიკელ სამხედროებს არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ „ალ-ქაიდას“ ბანაკში მძევლები იმყოფებიან. „აშშ-მ საზოგადოებრიობას უნდა მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ. ამიტომ თეთრმა სახლმა ამ ინფორმაციის გასაჯაროება გადაწყვიტა. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მსგავსი შემთხვევები მომავალში არ განმეორდეს,“ – აცხადებს ობამა. ობამამ უორენ სუანსტინის და ჯოვანი ლო პორტოს ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.