მარკო რუბიო „რესპუბლიკელ“ კანდიდატებს შორის ლიდერობს
საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, აშშ-ს სენატორი მარკო რუბიო „რესპუბლიკელ“ კანდიდატებს შორის ლიდერობს. კვინიპეკის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, რუბიოს გამოკითხულთა 15 პროცენტი უჭერს მხარს, ხოლო ფლორიდის გუბერნატორს ჯებ ბუშს – 15 პროცენტი. 11 პროცენტი არჩევნებში ხმას ვისკონსინის გუბერნატორს სკოტ უოკერს მისცემდა. თუმცა არც ბუშს, არც უოკერს, რუბიოსგან განსხვავებით, საპრეზიდენტო კამპანია ოფიციალურად არ დაუწყიათ. ამ კვლევის მიხედვით, რუბიო „დემოკრატების“ კანდიდატს ჰილარი კლინტონს 2 პროცენტით უსწრებს და მას არჩევნებში 45 პროცენტის აღება შეუძლია. კლინტონი „დემოკრატიული პარტიის“ პოტენციურ კანდიდატებს შორის ლიდერობს. მათ შორის არიან აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ასევე სენატორი ბერნი სანდერსი და მერილენდის გუბერნატორი მარტინ ო’მალი.