რას შედეგს მოუტანს საქართველოს ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტი და ნიშნავს თუ არა „კარგი” ურთიერთობა ბელორუსიასთან, “კარგ” ურთიერთობას რუსეთთან
სოხუმის გარდა საქართველოში არსად ვყოფილვარ, – ეს სიტყვები ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ქართველ კოლეგასთან გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრისას გაახმოვანა. ასეთ განცხადებას მისგან არავინ ელოდა. პირველი იმიტომ, რომ ლუკაშენკო რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პირია და მეორე, მიუხედავად იმისა, რომ 1991 წლის შემდეგ ბელორუსია დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რეალობიდან გამომდინარე, ის პრორუსულ პოლიტიკას უფრო ატარებს, ვიდრე დასავლურს.
იმის გასარკვევად, თუ რა შედეგებს მოიტანს საქართველოში ბელორუსიის პირველი პირის სტუმრობა, როგორ აისახება აღნიშნული ვიზიტი ორი ქვეყნის ურთიერთობაზე და ნიშნავს თუ არა კარგი ურთიერთობა ბელორუსიასთან კარგ ურთიერთობას რუსეთთან, “კვირა” პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძეს დაუკავშირდა.
– ვფიქრობ, რომ ლუკაშენკოს ვიზიტის შემდეგ, ორი ქვეყნის ურთიერთობები გაუმჯობესდება და კომუნიკაციაც უფრო ხშირი გახდება. ეს ვიზიტი ძალიან საინტერესო იყო იმ კუთხითაც, რომ ორ ქვეყანას ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები არ აქვს, ანუ ორივე ქვეყანა – საქართველოც და ბელორუსიაც ერთმანეთის მიმართ ნეიტრალურია. ცნობს დამოუკიდებლობას და აღიარებს საზღვრებს. ამასთანავე, არის მეორე ძალიან მნიშვნელოვანი მომენტიც. ბელორუსია ეკუთვნის ეკონომიკურ კავშირს, ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, რუსულ სივრცეს. ახლა კი საქართველოს საკმაოდ რთული ურთიერთობა აქვს რუსეთთან. შეიძლება ითქვას, რომ მათთან ურთიერთობა არ გვაქვს. პოლიტიკურ ურთიერთობას ვგულისმხობ. დღესდღეობით, ბელორუსია რუსეთთან საურთიერთოდ ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე კარგი ქვეყანა. აი მაგალითად, იმ თვალსაზრისით, რომ როდესაც შეხვედრები პირდაპირ ვერ ხერხდება, ბელორუსია საიმედო პარტნიორი ხდება რუსეთისთვისაც. აქედან გამომდინარე, ეს პირველ პირთან ლაპარაკს ნიშნავს (ვლადიმერ პუტინთან).“
– შესაბამისად, ჩვენ ბელორუსიისთვის საინტერესო პარტნიორიც ვართ, რადგანაც რუსეთს შეუძლია, რომ ბელორუსიის მეშვეობით გვესაუბროს?
– დიახ, ამ კონტექტში ჩვენ ბელორუსიისთვის საინეტრესო ვართ. ამას გარდა, ბელორუსიას საკმაოდ რთული ვითარება აქვს დასავლეთთან და ჩვენი გავლით თუ მეშვეობით მასაც უჩნდება გარკვეული შანსები, რომ დასავლეთთან ისაუბროს. მიუხედავად იმისა, რომ მინსკში მოლაპარაკებები გაიმართა, ვგულისხმობ ნორმანდიულ ოთხეულს, განწყობა ბელორუსიისადმი და ლუკაშენკოს რეჟიმისადმი არ შეცვლილა. ასე რომ, ამ თავლსაზრისით, ბელორუსიას ჩვენ ვჭირდებით, როგორც შუამავალი ევროპასთან, ჩვენ კი ბელორუსია გვჭირდება შუამავლად რუსეთთან. დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ჩენი ხელისუფლება ალბათ უშუალოდ გაიგებს, თუ რა შანსები აქვს მას რუსეთთან ინტენსიური დიალოგისთვის, ან კიდევ რა საფრთხეები არსებობს, ეს უფრო გამოაშკარავდება. თუმცა ამას ჩვენ არავინ გვეტყვის და არც უნდა გვითხრან. ეს ამ შეხვედრის კონფიდენციალური ნაწილია.
– ხომ არ ფიქრობთ, რომ ლუკაშენკოს ვიზიტი რუსეთისთვის შესაძლოა, ერთგვარი რებილიტაციაც იყოს, არა მარტო საქართველოს თვალში, არამედ საერთაშორისო კუთხითაც?
-დღეს რუსეთი აგრესორია, ისტორიულად ყოველთვის ასე იყო, თუმცა დღეს უკრაინა გახდა ამ სიტუაციის კატალიზატორი და ფაქტობრივად მაფორმირებელი. სიტუაცია შევიდა ჩიხში. ჩვენ ახლა ყველანი ერთმანეთს ვჭირდებით. თუ ჩიხიდან გამოსვლაზეა საუბარი, ჩვენ – ან ყველა მშვიდობიანად გამოვალთ ამ პროცესიდან, ან ყველანი ერთად წავალთ ძალიან ხისტ დაპირისპირებაზე. მიუხედავად იმისა, თუ რომელი მთავრობის მეთაური რას განაცხადებს. ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს, რადგანაც ეს ყველას სჭირდება ჩვენს ბელორუსიასაც, უკრაინასაც, რუსეთსაც, დასავლეთსაც და ყველას.
– პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი, ვახტანგ ძაბირაძისგან განსხვავებით, ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს საქართველოში სკეპტიკურად უყურებს და მიიჩნევს, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობებზე აღნიშნული შეხვედრა მნიშვნელოვან ზეგავლენას ვერ მოახდენს.
– არ მგონია, რომ საქართველო ბელორუსიის ურთიერთობა რაიმე სახის ცვლილებას განიცდიდეს. ეს არ შეიცვლება არც ამ ვიზიტის შემდეგ და არც იმ შემთხვევაში შეიცვლებოდა, თუ აღნიშნული ვიზიტი არ შედეგებოდა. არ მგონია, რომ ამ ვიზიტმა რაიმე სახის გადაწყვეტილების მიღებაში წვლილი შეიტანოს. თუმცა ამ ვიზიტის მიზანი ეს არც ყოფილა. მე მგონია, რომ ამ ვიზიტის ძირითადი მიზანი იყო რუსეთის პრეზიდენტის მესიჯების ჩამოტანა და გაცხადება.
– ფიქრობთ, რომ ის განცხადება, რომლითაც ლუკაშენკომ, ნებით თუ უნებლიეთ, საქართველოს ტერიტორიული მთიანობა აღიარა, პუტინის მესიჯების გაცხადება იყო?
– არა მგონია, ეს უბრალოდ ფაქტი იყო. ბელორუსია ცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. როდესაც ლუკაშენკო სოხუმში იყო, საქართველო ისედაც ერთიანი იყო და ნუ დავიწყებთ ამაში რამე განსაკუთრებული მესიჯების და სიმბოლოების ძიებას. ლუკაშენკომ აქ თქვა ფაქტი. ის, რომ საქართველო მაშინ იყო ერთიანი. შესაძლებელია, ეს დამთხვევაც ყოფილიყო და არ არის აქ არაფერი სიმბოლური.
– ფიქრობთ, რომ ის სიტყვები, თითქოს საქართველო ლეგენდარული ქვეყანაა და ა.შ. ასევე სიტყვებით თამაში იყო?
– ეს ჩვეულებრივი კომპლიმენტია იმ აღტაცებული ადამიანის, რომელიც ჩამოვიდა ქვეყანაში და რომელსაც მოეწონა თბილისი. მოგეხსენებათ, პრეზიდენტის სასახლიდან რა ლამაზად ჩანს ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, ემოციები გამოხატა, თან იცის, რომ ეს ქართველებს მოეწონებათ. ნუ ვეძებთ აქ რაიმე განსაკუთრებულ კონტექსტს. მთავარი ის, არის, რომ მან განაცხადა, ჩვენ ერთ ოჯახში ვცხოვრობდითო, და აქ, რა თქმა უნდა, გულისხმობდა რუსეთთან დაახლოებას. არსებობს ევრაზიული კავშირი, ურთიერთობის სხვა ფორმებიც. ვფიქრობ, რომ ამ შეხვედრაზე იყო მაინც რუსული მეიჯები.
– ლუკაშენკომ ასეთი ფრაზაც თქვა, რომ კარგ განწყობას ბელორუსები სიკეთითვე პასუხობენო. თქვენი აზრით, რას გულოსმობდა ის ამ სიკეთეში?
– შეიძლება ამ სიტყვების გაშიფვრა მეცნიერული თვალსაზრისით, მაგრამ მგონია, რომ ეს უბრალოდ მარტივი დაპირება იყოს იმისა, რომ ბელორუსია გააგრძელებს საქართველოსთან კარგ ურთიერთობას და ეს ქვეყანა დარჩება საქართველოსთვის კეთილ მეგობრად, თუმცა მე ამ შეხვედრას მაინც სკეპტიკურად ვუყურებ, რადგანაც მე მესმის, რომ თავად ბელორუსია არის რუსეთის კლანჭებში და მას მანევრირების დიდი საშუალება არ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ლუკაშენკო ცდილობს, მოახდინოს ლავირება და შეინარჩუნიოს დამოუკიდებლობის გარკვეული ხარისხი. საბოლოოდ კი ეს მაინც უფრო ეპატაჟური და გარეგნულია, ვიდრე რაღაც რეალური და საფუძვლიანი. საფუძვლიანი თვალსაზრისით ყველა დიდ რუსულ პროექტში მაინც ბელორუსია ჩათრეული აღმოჩნდა. ასე რომ, ჩვენ ვხედავთ, რომ რეალური თავისუფლება ბელორუსიის პრეზიდენტს არ აქვს.
რას ნიშნავს ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტი საქართველოში? – ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების გამტკიცებას, თუ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გზავნილს, რომელიც საქართველოს მიმართ პოზიტიურ დამოკიდებულებას გულისხმობს, – ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს. მანამდე კი გეტყვით, რომ დღევანდელი ვიზიტის ფარგელბში ქართულ და ბელორუს დელეგაციას შორის 10 ხელშეკრულება გაფორმდა. ყველა მათგანი საქართველო-ბელორუსიის ურთიერთობის გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად. როგორც საგარეო საკითხებში, ასევე დანაშაულთან ბრძოლის სფეროში, საბაჟო საკითხებში, ჯანდაცვის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის სფეროებშიც. ფაქტი ერთია, როგორც არ უნდა სურდეს ეს მავანს, საქართველო და ბელორუსია მთელ რიგ სფეროში თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადიან.
ნინი ჯაფარიძე