სკანდალი: ამერიკული მედია ჰილარი კლინტონს რუსული კომპანიისგან ფულის მიღებაში ადანაშაულებს
ამერიკულმა გაზეთებმა „ნიუ-იორკ ტაიმსმა“ და „უოლ – სტრიტ ჯორნალმა“ კლინტონების ოჯახსა და რუსულ კომპანია „როსატომს“ შორის კავშირი დაადგინეს. ამ ინფორმაციის მიხედვით, Clinton Foundation-ი კომპანია Uranium One-გან თანხებს რეგულარულად იღებდა. ის კი, თავის მხრივ, რუსულ სახელმწიფო კორპორაცია „როსატომს“ ეკუთვნის.
2013 წელს Uranium One-ის შესყიდვაში „როსატომი“ იმიტომ იყო დაინტერესებული, რომ ამ შემთხვევაში რუსული კომპანია აშშ-ს ურანის მარაგის მეხუთედზე დააწესებდა კონტროლს. გამოცემების ვერსიით, ეს კონტრაქტი მხოლოდ სახელმწიფო დეპარტამენტის ნებართვით შეიძლებოდა გაფორმებულიყო, რომელსაც 2013 წლამდე ჰილარი კლინტონი ხელმძღვანელობდა.
გაზეთები წერენ, რომ Clinton Foundation-ში ფული „წყალივით მიედინებოდა“. Uranium One-ის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა კლინტონების ფონდს შეწირულობის სახით 2 მილიონი დოლარი გადაურიცხა, რომელიც კლინტონებმა შემოსავლებში არ ასახეს. გარდა ამისა, მას შემდეგ, რაც „როსატომმა“ Uranium One-ის შეძენის სურვილი გამოთქვა, ბილ კლინტონი მოსკოვში ლექციით გამოვიდა, რომელშიც 500 ათასი დოლარი მიიღო საინვესტიციო ბანკისგან, რომელიც „როსატომის“ აქციების ოპერირებას ეწეოდა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ჰილარი კლინტონმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განაცხადა. არჩევნები ამერიკაში 2016 წელს ჩატარდება.