ოლანდი რუსეთისთვის „მისტრალებში“ გადახდილი ფულის დასაბრუნებლად მზად არის
საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ 24 აპრილისთვის ვლადიმერ პუტინთან ერევანში დაგეგმილ შეხვედრაზე ის ვერტმფრენმზიდ „მისტრალების“ საკითხების განხილვას აპირებს. გაზეთ Le Figaro-ს ცნობით, ოლანდმა განაცხადა, რომ ამჟამად რუსეთისთვის „მისტრალების“ მიწოდება შეუძლებელია. “ყველაფერი მარტივად არის – თუ კონტრაქტით გათვალისწინებული შეიარაღების მიწოდება არ ხდება, შესაბამისად, ამაში ფულსაც არავინ გადაიხდის, და რაც წინასწარ არის გადახდილი, ის უკან დაბრუნდება“, – აცხადებს ოლანდი. მისი თქმით, საფრანგეთი რუსეთისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებას ამ ეტაპზე არ აპირებს. „მისტრალების“ მშენებლობის კონტრაქტი საფრანგეთსა და რუსეთს შორის 2011 წელს გაფორმდა. მაშინ რუსეთმა საფრანგეთს ავანსის სახით 1 მილიარდი ევრო გადაუხადა.