თბილისის მერია დამატებით დასუფთავების სპეცტექნიკას შეიძენს

თბლისის მერია ნაგავშემკრები მანქანებისა და სხვა სპეციალური ტექნიკის შესყიდვის მიზნით, ინტერესთა გამოხატვას აცხადებს. მერია დამატებით დასუფთავების სპეცტექნიკის შეძენას გეგმავს. როგორც დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ, დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აუცილებელია, უფრო თანამედროვე და განახლებული ტექნიკა. „ის ტექნიკა, რაც ჩვენ დღეს გვყავს, საკმარისია, თუმცა, აუცილებელია, უფრო თანამედროვე და განახლებული ტექნიკა“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობა ნებისმიერ დაინტერესებულ იურიდიულ პირს შეუძლია, შედეგებს კი თბილისის მთავრობის განკარგულებით შექმნილი კომისია განიხილავს. თბილისის მერმა დედაქალაქის დასუფთავების მიზნით მიმდინარე სამუშაოებზეც ისაუბრა.
„ამ თვალსაზრისით, მერიამ ბევრი რამ გააკეთა, ქალაქი ფაქტობრივად დასუფთავებული, მოწესრიგებული და უფრო მეტად დალაგებულია, ნარჩენები პრაქტიკულად ქალაქში აღარ არის, რაც „თბილსერვისჯგუფის“ დამსახურებაა, რადგან მისი მენეჯმენტი მოწესრიგებულია. შევიძინეთ ნარჩენების განთავსების კონტეინერები, თუმცა, ეს არასაკმარისია და საჭიროა დამატებითი ტექნიკის შეძენა, რათა ნარჩენების გატანა უფრო ეფექტიანი გახდეს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
ამასთან, მან ზედამხედველობისა და კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელებს დაავალა, მონიტორინგი აწარმოონ სერვისის მიმწოდებელ იმ კომპანიებზე, რომლებსაც ქალაქის კომუნიკაციები გაყავთ. მისი თქმით, ხშირად კომუნიკაციის გაყვანის მიზნით ამოღებული ორმოები დედაქალაქში დიდხანს რჩება. თბილისის მერმა ზედამხედველობისა და კეთილმოწყობის სამსახურებს დაავალა, რომ მონიტორინგის შესახებ ინფორმაცია ყოველ კვირას მიაწოდონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები