112-ის წარმომადგენლები ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაციის ყოველწლიურ კონფერენციას დაესწრებიან

22-24 აპრილს ბუქარესტში შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის დეპარტამენტის წარმომადგენლები ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაციის (EENA) ყოველწლიურ კონფერენციას და დაჯილდოების ცერემონიას დაესწრებიან. ყოველწლიურ კონფერენციაზე 112-ის დელეგაციის დასწრების მიზანია, ევროპის მასშტაბით, საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში გამოცდილების გაზიარება და ამ სფეროში მოღვაწე საერთაშორისო ექსპერტებთან შეხვედრა. კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეები ერთმანეთს საკუთარი ქვეყნის პრაქტიკასა და გამოცდილებას გაუზიარებენ სამუშაო პროცესის, სისტემური მოწყობისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. ასევე, შესაძლებელი იქნება, საგამოფენო სივრცეებში, სხვადასხვა მომწოდებლების მიერ წარმოდგენილი უახლესი ტექნოლოგიების გაცნობა.
2015 წლის კონფერენციის ფარგლებში, საქართველო წარმოდგენილი იქნება, როგორც ერთ-ერთი სპიკერი ქვეყანა. საქართველოს 112 კონფერენციის მონაწილეებს წარუდგენს პრეზენტაციას, სახელწოდებით – „გამოწვევები და სტრატეგიული მიმართულებები“.
კონფერენციის მნიშვნელოვანი ნაწილია დაჯილდოების ცერემონია. ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაციის დაჯილდოების ცერემონია არის ერთადერთი პან-ევროპული ცერემონია საგანგებო მომსახურების სფეროში. აღსანიშნავია, რომ 2015 წელს საქართველო წარდგენილია „განსაკუთრებული მოქალაქის“ ნომინაციაზე. განსაკუთრებულ მოქალაქედ კი ნომინირებულია 8 წლის ლექსო ბოჟაძე, რომელმაც 112-ზე დარეკვით საკუთარი დედის სიცოცხლე იხსნა.
ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაცია (EENA) ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაცია (EENA-European Emergency Number Association) საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 1999 წელს შეიქმნა, ქ. ბრიუსელში. ასოციაციის მიზანია, ევროპის მასშტაბით გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომრის – 112-ის დანერგვა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურების ეფექტური მუშაობის ხელშეწყობა. ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაცია (EENA) 80-ზე მეტი ქვეყნის 1000-მდე გადაუდებელი დახმარების სფეროს წარმომადგენელს, 15 საერთაშორისო ასოციაციას/ორგანიზაციას, ევროპარლამენტის 150-ზე მეტ წევრსა და 70 ექსპერტს აერთიანებს. საქართველო ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაციის (EENA) ოფიციალური და სრულუფლებიანი წევრი 2013 წლის, 3 სექტემბერს გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები