შპს ,,შემოქმედმშენის” და შპს “ჯორჯიან კომპანის” დირექტორები დააკავეს (ვიდეო)
ყალბი დოკუმენტების დამზადება – გამოყენებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებისთვის ფაქტზე, შპს ,,შემოქმედმშენის” დირექტორი გია შილაკაძე და შპს ,,ჯორჯიან კომპანის” დირექტორი ვალერიანი კაკურია დააკავეს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დადგენილია, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულად გამოვლინდა შპს “შემოქმედმშენი”, რომელთანაც 2014 წლის 11 ივნისს გაფორმდა ხელშეკრულება საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების თაობაზე.
“2014 წლის 12 ივნისს კი აღნიშნული სამუშაოების შესრულება შპს “შემოქმედმშენმა” თავის მხრივ დაუკვეთა შპს “ჯორჯიან კომპანის”.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და ექსპერტიზის დასკვნების მიხედვით დგინდება, რომ აღნიშნული კომპანიების მიერ ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულება გაცილებით ნაკლებია გამგეობისთვის წარდგენილ აქტებში ასახული სამუშაოების ღირებულებაზე. შესაბამისად, ბრალდებულებმა ამ გზით მიითვისეს სახელმწიფოს კუთვნილი, დიდი ოდენობით ფულადი სახსრები”, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
მათივე ცნობით, ასევე დადგენილია, რომ ტენდერის დროს კომპანიის გამოცდილების დასადასტურებლად, ბრალდებულებმა შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთეს ყალბი ინფორმაცია, თითქოსდა 2012 წელს შესრულებული ჰქონდათ ანალოგიური ტიპის, 250 000 ლარის ღირებულების სამუშაოები. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და მე-3 ნაწილი “ბ” პუნქტით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” პუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ცხრა წლამდე ვადით.