პაატა ზაქარეიშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს C ჰეპატიტის პროგრამაში ჩართვისკენ მოუწოდებს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს C ჰეპატიტის სხელმწიფო პროგრამაში ჩართვისკენ მოუწოდებს.
როგორც ჟურნალისტებს პაატა ზაქარეიშვილმა განუცხადა, C ჰეპატიტის პრობლემა საქართველოს მთელ მოსახლეობას ეხება, მათ შორის აფხაზეთში მცხოვრებლებს.
„სამწუხაროდ, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის C ჰეპატიტი ნომერ პირველი პრობლემა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში. საქართველოს მოსახლეობას, მათ შორის აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებლებს ეძლევათ მსოფლიოში უპრეცედენტო შესაძლებლობა უფასოდ იმკურნალონ ძვირადღირებული წამლებით და სწრაფად განიკურნონ. ეს დამატებითი სიკეთეა, რაც საქართველოს მთავრობა სთავაზობს აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში დარჩენილ მოსახლეობას, რათა მათ იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობაზე. თუმცა, აქ არის რამდენიმე ნიუანსი – ეს არის ძვირადღირებული პროგრამა და ამიტომ მკურნალობა ადგილზე ხდება. ამის გათვალისწინებით, მათ მოუწევთ ჩამოსვლა თბილისში ან იმ სამედიცინო ცენტრებში, სადაც შესაბამის მკურნალობა ჩაუტარდებათ. ასევე, აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებმა პირებმა უნდა იცოდნენ, რომ პროგრამაში მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირს შეუძლია ჩართვა. ჩვენი მიზანია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა მოსახლეობამ ეს სიკეთე სრულად გამოიყენოს. პროგრამა ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების კეთილი ნებით, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის და მხოლოდ ადგილზე მკურნალობით“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა დაიწყო, რომელიც მოიცავს C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა დიაგნოსტიკას მკურნალობაში ჩართვამდე და მკურნალობის პროცესის მონიტორინგისთვის საჭირო კვლევების ჩატარებას. C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა მკურნალობას, პრევენციული ღონისძიებების ჩატარებას, რომელიც გულისხმობს C ჰეპატიტის ვირუსის გავრცელების წყაროების და ობიექტების მონიტორინგს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები