“C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის გამო საქართველო მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა”

“C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის გამო, საქართველო და საქართველოს ხელისუფლება მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა“ – ასე აფასებს საქართველოში ახალი პროგრამის ამოქმედებას ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის გენერალური დირექტორი, პროფესორი თენგიზ ცერცვაძე.
როგორც „კვირას“ თენგიზ ცერცვაძემ განუცხადა, საქართველო დღეს ერთადერთი ქვეყანაა, სადაც სახელმწიფო პროგრამით C ჰეპატიტით დაავადებულ პაციენტებს უმკურნალებენ. მისი შეფასებით, მთავრობის გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია. პროფესორს მიაჩნია, რომ დღემდე მხოლოდ 200 პირი ახერხებდა მკურნალობას, ამჟამად კი შესაძლებელია, რომ C ჰეპატიტით დაავადებულმა 5000-მა ადამიანმა უფასოდ იმკურნალოს. თენგიზ ცერცვაძე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის კიდევ ერთ მნიშვნელობაზე საუბრობს. მისი თქმით, ხუთწლიანი პროგრამის პარალელურად, რომლითაც C ჰეპატიტით დაავადებულ პირებს უმკურნალებენ, სახელმწიფოში ფართომასშტაბიანი გამოკვლევა დაიწყება ამ დაავადების დროული გამოკვლევისთვის.
„სახელმწიფო პროგრამა შეეხება ყველა იმ პირს, ვინც C ჰეპატიტით აქამდე იყო დაავადებული და მკურნალობის საშუალება არ ჰქონდა. ეს პროგრამა მათთვის შეღავათი კი არა, არამედ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. C ჰეპატიტით დაავადებული პირები, რომელთა მკურნალობაც დაახლოებით 80 ათასი დოლარი ჯდება, ამ მკურნალობას ფაქტობრივად უფასოდ მიიღებენ და ყველა მათგანი განიკურნება. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ქვეყანაში 120 ათასი C ჰეპატიტით დაავადებული ავადმყოფია და მათ პოტენციურად სიკვდილი ელოდებოდათ. ამ პროგრამით ისინი განიკურნებიან. ეს ის ხალხია, რომელიც აქამდე ვერ მკურნალობდა, იმიტომ რომ მკურნალობა ძალიან ძვირი ღირს და მათთვის ხელმისაწვდომი არ იყო. ასე ვთქვათ, განწირულები იყვნენ. არ ჰქონდათ არანაირი საშუალება, არც კერძო დაზღვევა და აქამდე არც სახელმწიფო პროგრამები ითვალისწინებდა ამ დაავადების მკურნალობას. ახლა სახელმწიფომ მიიღო და შეიმუშავა პროგრამა, რომლის გამოც დღეს მთელი მსოფლიო აღფრთოვანებულია და დღეს საქართველო მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც სახელმწიფო მთავრობის სახით, ხალხს C ჰეპატიტით განკურნებას ჰპირდება. ამაზე მეტი მნიშვნელობა რაღა უნდა იყოს.
ყველა C ჰეპატიტით დაავადებულ პირს სახელმწიფოში ჩაუტარდება მკურნალობა. მათ უმკურნალებენ მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო მედიკამენტით, რომლის ერთი კურსის საბაზრო ფასი 46 ათასიდან 82 ათას დოლარამდე მერყეობს. ასეთი მედიკამენტით მკურნალობა უფასო ჩაუტარდება ყველა მათგანს. ვინც ამ პროგრამით იმკურნალებს, 95 პროცენტს დადებითი შედეგი ელის. ეს პროგრამა 5 წელზეა გათვლილი, პირველ წელს მკურნალობა ჩაუტარდებათ იმ პირებს, ვისაც უკვე დადგენილი აქვს ეს დაავადება. ეს არის 5000 პაციენტი. როცა წინა წლებში ამ დაავადებას მხოლოდ 200-300 პირი თუ მკურალობდა. შეუძლებელი იყო ამ ფინანსების ხელმისაწვდომობა.
პარალელურად, სახელმწიფო დაიწყებს მოსახლეობის ფართომასშტაბიან გამოკვლევას, რათა დროულად გამოვლენის შემთხვევაში დაავადების პრევენცია დროულად მოხდეს. ასეთ შემთხვევაში, მომავალი წლიდან სახელმწიფო პროგრამაში ის პირებიც ჩაერთვებიან, ვისაც გამოკვლევის დროს C ჰეპატიტი აღმოაჩნდება“, – აღნიშნა „კვირასთან“ საუბრისას პროფესორმა თენგიზ ცერცვაძემ.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობას აქვს სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც საქართველო გახდება ქვეყანა, რომელშიც მოხდება C ჰეპატიტის ვირუსით გამოწვეული ავადობის და სიკვდიალიანობის შემცირება და ახალი შემთხვევების აღმოცენების პრევენცია. C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები იქნება აბსოლუტურად უფასო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა, C ჰეპატიტის მკურნალობის ახალი პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, C ჰეპატიტის მკურნალობა საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის ხელმიუწვდომელი იყო, თუმცა უახლოეს მომავალში ეს რეალობა შეიცვლება. პრემიერის განცხადებით, რამდენიმე დღეში საქართველოში შემოვა C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატის პირველი პარტია, რომელიც ჯერ განსაკუთრებით მძიმე პაციენტებისთვის იქნება განკუთვნილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები