პროკურატურა დაჩი დარჩიას განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ გრძელიშვილის განაჩენს ეხმაურება

საქართველოს მთავარი პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დაჩი დარჩიას განზრახ მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ გრძელიშვილი დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2014 წლის 30 აგვისტოს, ქ.თბილისში, ავლაბრის მიმდებარე ტერიოტორიაზე მდებარე „ერევნის სკვერში“ მიხეილ გრძელიშვილს შელაპარაკება მოუვიდა დაჩი დარჩიასთან, რა დროსაც მ. გრძელიშვილმა იგი წელის არეში ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა. დაჭრილი დ. დარჩია სკვერიდან მეტეხის ხიდის მიმართულებით გაიქცა, თუმცა მას მ.გრძელიშვილი გაეკიდა და წელის არეში ჭრილობა კვლავ მიაყენა. მიღებული დაზიანებები სიცოცხლისათვის შეუთავსებელი აღმოჩნდა და დაჩი დარჩია საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ, იმავე დღეს გარდაიცვალა. მ. გრძელიშვილი სამართალდამცავებმა შემთხვევის ადგილზე დააკავეს და დანაშაულის ჩადენის იარაღი-დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
მიხეილ გრძელიშვილს ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლით (ცივი იარაღის ტარება), შედეგად განესაზღვრა ცამეტი წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2013 წლის 7 ნოემბერს მიხეილ გრძელიშვილისთვის 177-ე მუხლის მეორე ნაწილით (ქურდობა) დანიშნული სასჯელი – ორი წლით თავისუფლების აღკვეთა. შესაბამისად, ბრალდებულს საბოლოო სასჯელად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები