როგორ აფასებენ მთავრობის წევრები დავით შავლიაშვილის გადაწყვეტილებას გადადგომის შესახებ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით შავლიაშვილის განცხადებას გადადგომასთან დაკავშირებით მოქმედი მინისტრები გამოეხმაურნენ. შავლიაშვილის გადაწყვეტილებას ისინი ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირებენ და აცხადებენ, რომ შავლიაშვილი ღირსეული მინისტრი იყო.

გიორგი მღებრიშვილი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი: „ჩემთვის ადრე ჰქონდა ნათქვამი, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს არ უწყობდა და აპირებდა წასვლას. დღეს შევიტყვე ამის შესახებ და ძალიან ვწუხვარ. ის ჩემი მეგობარია და დარჩება ჩემს მეგობრად. ბატონი დავითი საკმაოდ ეფექტურად უძღვებოდა თავის საქმეს და მე გითხარით, რომ საკმაოდ ღირსეული ადამიანია. ვწუხვარ, რომ ეს ასე მოხდა, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობამ მას ხელი არ შეუწყო“.

თამარ სანიკიძე, განათლების მინისტრი: „ეს არის მისი პირადი განცხადება, სადაც ის ასაბუთებს, რომ მას ჯანმრთელობის პრობლემები გააჩნია და ამის გამო ის ტოვებს პოსტს. ბოლო პერიოდში შექებაც იყო მის იმიმართებით. იმიტომ რომ გარკვეული თემები წამოიწია და ისინი სწრაფად მიდიოდა. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის არ იყო წარმატებული და შესაძლოა, ეს იყო გადადგომის მიზეზი სიმართლეს არ შეესაბამება“.

ლევან ყიფიანი, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი: „ეს არის თავად მინისტრის გადაწყვეტილება. მე აღფრთოვანებული ვიყავი მისი როგორც ადამიანობით, ასევე პროფესიონალიზმით. ფაქტებით ჩანს მის მიერ გაკეთებული საქმეები, რომლებიც თქვენ შეგიძლიათ თავად გადაამოწმოთ“.

დავით სერგეენკო, ჯანდაცვის მინისტრი: „რამდენადაც ჩემთვის გახდა ცნობილი, მან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიიღო ეს გადაწყვეტილება, თუმცა, სამწუხაროდ, დეტალები ჩემთვის უცნობია“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები