დაჩი დარჩიას მკვლელობისთვის ბრალდებულს 15 წლით პატიმრობა მიესაჯა

დიჯეი-დაჩი დარჩიას განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ბრალდებულ მიხეილ გრძელიშვილის საქალაქო სასამართლომ 15 წლით თავისუფლების აღკვათა მიუსაჯა. როგორც სასამართლოს განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გაიმართა 9 სასამართლო სხდომა. სასამართლო პროცესზე დაიკითხა ბრალდების 20 და დაცვის 2 მოწმე.
„2015 წლის 21 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა დიჯეი-დაჩი დარჩიას განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ბრალდებულ მიხეილ გრძელიშვილის მიმართ. მიხეილ გრძელიშვილს ბრალად ედებოდა განზრახ მკვლელობა და ცივი იარაღის ტარებისათვის განმეორებით ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ცივი იარაღის ტარება. საქმის არსებითად განხილვისას, ბრალდებულმა მ. გრძელიშვილმა თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში – გამოიყენა დუმილის უფლება. თბილისის საქალაქო სასამართლომ, საქმის არსებითად განხილვისას საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში. ვინაიდან მიხეილ გრძელიშვილი დანაშაულის ჩადენის მომენტში პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა, სასამართლომ მას საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გაიმართა 9 სასამართლო სხდომა. სასამართლო პროცესზე დაიკითხა ბრალდების 20 და დაცვის 2 მოწმე.
სასამართლოს განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით“, – აღნიშნულია სასამართლოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 34 წლის დიჯეი და რეჟისორი დაჩი დარჩია 30 აგვისტოს, ღამით, ავლაბრის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე დანით მოკლეს. სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1994 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მიხეილ გ. დააკავეს.
მკვლელობაში ეჭვმიტანილმა 20 წლის მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკებისას დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა დარჩიას, რომელიც ინგოროყვას სახელობის კლინიკაში მიყვანის შემდეგ რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები