მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის ეპიზოდზე დღეს ჩანიშნული ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინასასამართლო სხდომა გადაიდო. პროცესის დაწყებისთანავე პროკურატურამ დააყენა შუამდგომლობა და მოითხოვა მიხეილ სააკაშვილის ბრალდების გაერთიანება სხვა ბრალდებულებთან, კერძოდ, გიგი უგულავასთან, ვანო მერაბიშვილთან და დავით კეზერაშვილთან. სწორედ ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემდეგ მოსამართლემ პროცესი გადადო. ბრალდებულის ადვოკატების თქმით, პროკურატურის მოთხოვნა, რომ გაერთიანდეს ბრალდებულების ბრალი ემსახურება ერთ მიზანს – სასამართლომ გიგი უგულავას გაუგრძელოს პატიმრობა.
„პროკურატურამ ცალკე გამოყო მიხეილ სააკაშვილის მიმართ საქმე. მიუხედავად იმისა, რომ იდენტური იყო აბსოლუტურად ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები და დღეს სასამართლოში დააყენა შუამდგომლობა საქმეების გაერთიანების შესახებ,“ – განაცხადა ადვოკატმა ოთარ კახიძემ.
ამავე თემასთან დაკავშირებით, პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა აღნიშნა, რომ გაერთიანების შუამდგომლობას დათანხმდა თავად მიხეილ სააკაშვილის ინტერესების დამცველი ადვოკატი.
„შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ ორივე, ბრალდების მხარე და დაცვის მხარე თანახმა იყო გაერთიანებაზე, მოსამართლემ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება,“ – განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა. პროკურორის თქმით, გამოყოფა მოხდა გამოძიების ეტაპზე, ახლა კი არის სასამართლო განხილვის ეტაპი და მხარე უფლებამოსილია, პროცესის თანხმად დააყენოს შუამდგომლობა სასამართლოში საქმეთა გაერთიანებაზე.
საქმის განხილვა წინასასამართლო სხდომის ეტაპზე 28 აპრილს უნდა გაგრძელდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები