ყალბი ვეტერინარული მოწმობების გაცემის ფაქტზე, ვეტერინარი პასუხისგებაში მისცეს
ქრთამის აღების და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე, “სურსათის ეროვნული სააგენტოს” კახეთის რეგიონული სამმართველოს ვეტერინარი, გივი ლუაშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.
როგორც “კვირას“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული გარკვეული თანხის სანაცვლოდ, კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით, მოქალაქეებზე სისტემატურად გასცემდა ყალბ ვეტერინარულ მოწმობებს, ისე რომ რეალურად არ ამოწმებდა, იყო თუ არა ვარგისი პროდუქცია.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, შედეგად, შეუმოწმებელი ხორცი სარეალიზაციოდ ხვდებოდა სავაჭრო დახლებზე. საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილით და 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9-წლამდე.