თაღლითობისა და უკანონო დოკუმენტების დამზადების ფაქტზე პაკისტანის მოქალაქე დააკავეს

იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, თაღლითობისა და უკანონო დოკუმენტების დამზადების ფაქტზე პაკისტანის მოქალაქე დააკავა. ამის შესახებ გენერალური ინსპექციის წარმომადგენელმა ლევან როსტომაშვილმა იუსტიციის სამინისტროში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. გენერალური ინსპექციის ცნობით, პაკისტანის მოქალაქე საქართველოში მცხოვრებ ერაყელ მოქალაქეს, საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის მოწმობის დამზადებას ჰპირდებოდა, რისთვისაც მას ვითომდა, სერვისების განვითარების სააგენტოსა და სახელმწიფო სტრუქტურებში გარკვეული ოდენობის თანხების გადახდისთვის 3 000 ამერიკული დოლარი მოსთხოვა, თანხის ნახევარი კი წინასწარ აიღო.
გარდა ამისა, პაკისტანელმა მოქალაქემ ერაყელ მოქალაქეს ყალბი სამუშაო ცნობა დაუმზადა, რის საფუძველზეც დამატებით 200 აშშ დოლარი გამოართვა. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, 2015 წლის 28 იანვრიდან მოხელეთა შესაძლო ქრთამის აღების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. დანაშაული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1 ნაწილითაა გათვალისწინებული. იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად 2015 წლის 20 აპრილს თაღლითობისა და ყალბი დოკუმენტაციის დამზადების ფაქტზე პაკისტანის მოქალაქე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ პაკისტანის მოქალაქე, საქართველოში მცხოვრებ ერაყელ მოქალაქეს საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის მოწმობის დამზადებას ჰპირდებოდა და არწმუნებდა, რომ ამისთვის სერვისების განვითარების სააგენტოსა და სახელმწიფო სტრუქტურებში გარკვეული ოდენობის თანხების გადახდა იყო საჭირო“, – განაცხადა ლევან როსტომაშვილმა.
იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმომადგენის განცხადებით, უწყება მსგავს ფაქტებზე ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს აგრძელებს და სახელმწიფო მოხელის სახელის გამოყენების ნებისმიერ დანაშაულებრივ ფაქტს მკაცრი რეაგირება მოჰყვება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები