თბილისის საქალაქო სასამართლო „ახალგაზრდა ადვოკატების” განცხადებას ეხმიანება
თბილისის საქალაქო სასამართლო არასრულწლოვან გ. კახურაშვილის საქმის განხილვასთან დაკავშირებით ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების” განცხადებას ეხმიანება. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სასამართლოში საქმისწარმოება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე მიმდინარეობს და როგორც საქალაქო სასამართლოს განცხადებაშია აღნიშნული, მცდარია ორგანიზაციის მოსაზრება, თითქოს აღნიშნულ საქმეზე სხდომის გადადება შეკრებილი მოქალაქეების სიმრავლემ, მასობრივი საინფორმაციო საშუალებების, მონიტორების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენელთა დასწრებამ გამოიწვია.
„თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია სახელშეკრულებო დავა მოსარჩელე კახურაშვილების ოჯახსა და მოპასუხეებს: ს/ს ”მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ჯორჯიან კაპიტალსა” და ნოტარიუს ნარგიზ მინდიაშვილს შორის. მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს 2009 წლის 4 ნოემბრის იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, რადგან მათი მოსაზრებით მშობლებს, მიუხედავად იმისა, რომ არიან კანონიერი წამომადგენლები, არ გააჩნდათ მათი არასრულწლოვანი შვილის ქონების განკარგვის უფლებამოსილება. აღნიშნულ საქმეზე 2015 წლის 16 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში გაიმართა მოსამზადებელი სხდომა, სადაც მოპასუხეებს გადაეცათ კახურაშვილის წარმომადგენლების დაზუსტებული სამართლებრივი მოსაზრებები.
სხდომაზე მოპასუხეებმა მოითხოვეს დამატებითი დრო ამ პოზიციის გასაცნობად. გიორგი კახურაშვილის წარმომადგენელმა ითხოვა, რომ სასამართლოს გამოეცხადებინა შესვენება 10 წუთით და ეს პერიოდი მოპასუხეებს გამოეყენებინათ წარმოდგენილი მოსაზრებების წასაკითხად, რასაც კატეგორიულად არ დაეთანხმა მოპასუხე მხარე და განმარტა, რომ ამ ვითარებაში იგი ვერ შეძლებდა მასალების სრულყოფილად გაცნობას. სასამართლომ, მოსამზადებელი ეტაპი დასრულებულად გამოაცხადა და საქმეზე მთავარი სხდომა დანიშნა პირველივე თავისუფალ დღეს 2015 წლის 4 ივნისს“,- აღნიშნულია განცხადებაში.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ცნობით, აღნიშნული სხდომის გადადება გამოიწვია მოსამართლისა და მოპასუხე მხარეთა მოულოდნელად, დარბაზში შეკრებილი მოქალაქეების სიმრავლემ, მასობრივი-საინფორმაციო საშუალებების, მონიტორების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენელთა დასწრებამ. ორგანიზაციაში მიიჩნევე, რომ მოსამართლე ზაზა მარტიაშვილმა არ გაითვალისწინა ბავშვის საუკეთესო ინტერესები, სასამართლო სხდომა გადადო 2 თვის ვადით, რითაც გამოწვევებისა და საფრთხის წინაშე დააყენა არასწრუწლოვან გ. კახურაშვილის ინტერესები და უფლებები.